საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეიოფში სომხეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 3:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა. ეროვნული გუნდის გოლკიპერმა მშრალად შეინახა კარი, თავის ანგარიშზე ჩაიწერა 2 სეივი და რაც ყველაზე საინტერესოა, გიორგი მიქაუტაძეზე ასისტი გააკეთა.
"გახარებული ვარ გამარჯვებით. თბილისშიც იმაზე მაგარ ატმოსფეროს ველოდები, რაც აქ იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ამხელა გზაზე ჩამოვიდა, გვერდში დაგვიდგა და დაგვაფასა. ასისტი? აქამდე არასდროს გამიკეთებია, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. საპასუხო მატჩი? ველოდებით სავსე დინამო არენას.
ვიცი, რომ ძალიან მაგარი ატმოსფერო იქნება. ბედნიერი ვარ, როდესაც საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ, მითუმეტეს სახლში", - განაცხადა ვალენსიას გოლკიპერმა. შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" სომხეთის ეროვნულ გუნდს 23 მარტს მიიღებენ.