ჟალგირისთან წაგებული 7:2 მარცხის და ევროტურნრიებიდან გამოთიშვის შემდეგ, დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა.
ჟალგირისთან მარცხზე
"ეს ლაპარაკი ვილნიუსში უნდა ყოფილიყო და არა თბილისში, რაც იქ მოხდა მიუღებელია. ჩემთვისაც და მთელი საქართველოსთვისაც. მიზეზი ბევრია და პირველ რიგში, ამაში დამნაშავე მე ვარ, რადგან მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობა მაკისრია. ალბათ, სათანადოდ ვერ მოვემზადეთ, რაც სამწუხაროა. ვეცადეთ წინა დღეებში ეს ყველაფერი უკან მოგვეტოვებინა, წინ უნდა გავიხედოთ და ამაზე აღარ უნდა ვიფიქროთ, თუმცა სწორი ანალიზის გაკეთებაა საჭირო."
გიორგი ლორიაზე
"თამაშის შემდეგ, ლორიას ვუთხარი, რომ დინამო თბილისის პირველი მეკარე აღარ იქნებოდა, ჩემს გეგმებში აღარ შედიოდა და რას გადაწყვეტს ხელმძღვანელობასთან, არ ვიცი. ის გუნდიდან არ წასულა, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი მეკარე აღარ იყოს. ის დინამო თბილისის და საქართველოს ნაკრების ლეგენდაა და იმდენი გააკეთა, რომ ბევრს საერთოდ არ გაუეკეთებია, თუმცა აქცენტს მომავალზე ვაკეთებთ და 40 წლის მეკარეს სამომავლო პერსპექტივაში ვერ განვიხილავთ. ჯობია, ეს ყველაფერი მისთვის პირდაპირ მეთქვა, ვიდრე ეშმაკურად მოვქცეულოყავი."
ქართულ ფეხბურთზე
"ქართველები ფეხბურთში ნიჭიერი ერი ვართ, მაგრამ მარტო ნიჭი არ კმარა. დიდი მნიშვნელობა აქვს თავდადებას და ფიზიკურ მომზადებასაც. ბოლო 20 წუთი იმის თავი არ გვქონდა, რომ თამაში გაგვეგრძელებინა. მათზე უკეთესი გუნდი ვიყავით და ეს პირველ თამაშში დავამტკიცეთ. ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ჩასაფრებული ხალხი ასეთ წარუმატებლობას ელოდება, რათა ბოღმა და შური გამოავლიონონ და ყველაფერი მოსპონ. თუ ხალხს მართლა ასე შესტკივა გული, სტადიონზე რომ მოვიდნენ, სიტუაცია შეიძლება სხვაგვარი იყოს."
სამომავლო გეგმებზე
"ერთი რამ მამშვიდებს - ეროვნულ ლიგაში მოწინავე პოზიციებზე ვართ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. არ მინდა, საქმე შუა გზაში მივატოვო. მიზანი ჩემპიონობა იქნება, სეზონის დასრულების შემდეგ კი ხელმძღვაელობასთან ერთად დავჯდები და განვიხილავ, დავრჩები თუ არა გუნდში. რომ მოვედი, დინამო გასავარდნ ზონაში იყო, დღეს კი ჩემპიონობისთვის ვიბრძვით."
საუბარი ფეხბურთელებთან
"ჩემს ფეხბურთელებს სულ ვეუბნები, რომ რაც შეიძლება მეტი კარნახი და მეტი გვერდში დგომა იყოს. 60 წლის კაცი გარედან რომ ამდენს ვყვირი, გიჟი კი არ ვარ. როცა თვლი, რომ გუნდში ლიდერები გყავს, მათ უფრო მეტი უნდა მოსთხოვო. 16 და 18 წლის კვარაცხელიას და კაკაშვილს იმდენს ვერ მოთხოვ, როცა გუნდში ამდენი გამოცდილი ფეხბურთელია, რომელთაც ბევრი რამ აქვთ ნანახი"
გულშემატკივრებზე
"საქმე იმაშია, რომ ვილნიუსში ყველას სჯეროდა, რომ მათი გუნდი შეუძლებელს შეძლებდა და თამაშს მოატრიალებდა, სტადიონი სავსე იყო და ფეხბურთელებს მათ შეაძლებინეს ასეთი თამაში. ჩვენთან კი თამაშებზე 2000 ადამიანი ძლივს შევკრიბეთ. სამწუხაროა, რომ თამაშებზე გულშემატკივრები არ დადიან. როცა დინამოში ვთამაშობდი, სტადიონი ივსებოდა და 100 ათასი კაცი დადიოდა. ეს გუნდი შედეგებზე დიდ როლს თამაშობს."
საქართველოს ნაკრებზე
"როცა საქართველოს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც კვარაცხელია, მიქაუტაძე, კიტეიშვილი და სხვები არიან, გუნდები ასეთ დონეზე არ უნდა იყვნენ. ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ამიტომ ვახსენე. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჩემპიონთა ლიგაა მსოფლიო ჩემპიონატი და არა ის, რასაც ცოტა ხნის წინ უყურებდით. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან უკეთ ითამაშა, ვიდრე არგენტინის ნაკრებმა, არგენტინის ფეხბურთელები კი ტოპ გუნდებში თამაშობენ. იტალიას ნაკრები არ ჰყავს, ნიდერლანდებს ნაკრები არ ჰყავს, ბრაზილიას ნაკრები არ ჰყავს და ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ მიაღწიოს დიდ მიზნებს."
იბერიას წარმატებაზე
"ძალიან მიხარია, რომ იბერიას შანსი აქვს ევროტურნირებზე მოხვდეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ. გუშინ თამაშს ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ მათ მეტოქეს კონფერენს ლიგაზე აქვს ნათამაშები. მადლობა ფედერაციას და იმ გუნდებს, რომლებმაც იბერიას თამაშები გადაუდეს და კარგი მომზადების საშუალება მისცეს."












