ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, თუმცა წინ პლეი-ოფი გველოდება, რომელიც 2025 წლის მარტში გაიმართება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, პირველ ჯგუფში მესამე პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდი A დივიზიონში ვერ დაწინაურდა, თუმცა B დივიზიონში დარჩენის შანსი მაინც შეინარჩუნა.
B ლიგის ოთხი მესამე ადგილოსანი დაწყვილდება, C ლიგის ოთხ მეორე ადგილოსანთან. მარტში ჩატარდება 2-მატჩიანი პლეი-ოფები, სადაც გაირკვევა, B ლიგაში ვინ დარჩება ან დაწინაურდება.
ცნობილია საქართველოს პოტენციური მეტოქეები: სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი და სომხეთი. წილისყრა 22 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.
პლეი-ოფის პირველ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდება — ჩეხეთთან მიღებული ყვითელი ბარათების გამო, პირველ თამაშს გამოტოვებენ გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია.
ფოტო: Nakrebi.ge