დასრულდა ერთა ლიგის მეოთხედფინალის ოთხივე შეხვედრა, რომელიც უნდა ითქვას, რომ საოცრად დრამატული სცენარით წარიმართა. ესპანეთისა და ნიდერლანდთა ეროვნული გუნდების დაპირისპირებაში ირკვეოდა საქართველოს მეტოქე 2026 წლის მუნდიალის შესარჩევში. თურქეთისა და ბულგარეთის გარდა, "ჯვაროსნების" მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე "ფურია როხასა" და "მფრინავ ჰოლანდიელებს" შორის მოგებული უნდა ყოფილიყო.
გამარჯვებულები გამოვიდნენ პირენეელები, რომლებმაც "ნარინჯისფერები" პენალტების სერიაში დაამარცხეს. ამ ნაკრებების პირველი შეხვედრა დასრულდა 2:2, საპასუხოში კი დაფიქსირდა დრამატული 3:3, რის შემდეგაც 11-მეტრიანები დაინიშნა. "წითლების" მხრიდან პენალტი გააფუჭა ლამინ იამალმა, "მექანიკური ფორთოხლიდან" კი ნოა ლანგსა და დონიელ მალენს არ გაუმართლათ.
ესპანეთი 3:3 (პენ. 5:4) ნიდერლანდები
გოლები: 1:0 მიკელ ოიარსაბალი 8', 1:1 მემფის დეპაი 54', 2:1 მიკელ ოიარსაბალი 67', 2:2 იან მაატსენი 79', 3:2 ლამინ იამალი 103', 3:3 ჩავი სიმონსი 109'.
ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი იქნება. ამის გარდა, ესპანეთი გავიდა ერთა ლიგის 1/2 ფინალშიც, სადაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა ასევე 11-მეტრიანების სერიაში ხორვატიას მოუგეს.
პირველ შეხვედრაში "თეთრ-წითლებმა" იმარჯვეს 2:0, განმეორებით თამაშში კი იგივე ანგარიშით უკვე "მამლებმა" მოიგეს. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს: გერმანიამ ასევე დრამატულ ბრძოლაში მოუგო იტალიას, პორტუგალიამ კი დანიას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაყურებელმა იხილა ქამბექი 0:3-დან, "სკუადრა აძურას" შესრულებით, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.
რაც შეეხება "წითელ-მწვანეებისა" და "ვიკინგების" შეხვედრას, მეექვსე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გააფუჭა პენალტი, თუმცა მეორე ტაიმში მან მაინც შეაგდო. ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით 3:2, ექსტრა ტაიმში კი პირენეელებმა სკანდინავიელებს 2 ბურთი გაუტანეს.
ერთა ლიგის 1/4 ფინალის ყველა მატჩი:
ესპანეთი 3:3 (პენ. 5:4) ნიდერლანდები
გერმანია 3:3 იტალია
საფრანგეთი 2:0 (პენ. 5:4) ხორვატია
პორტუგალია 5:2 დანია
ერთა ლიგის სხვა მატჩები:
საქართველო 6:1 სომხეთი
შოტლანდია 0:3 საბერძნეთი
უნგრეთი 0:3 თურქეთი
ბელგია 3:0 უკრაინა
ირლანდია 2:1 ბულგარეთი
სერბეთი 2:0 ავსტრია
სლოვენია 1:0 სლოვაკეთი
ისლანდია 1:3 კოსოვო