ხვალ გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
მიქაუტაძის შეცვლაზე
"ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელსაც შეცვლა უწევს და გულდაწყვეტილია, ნორმალური ფაქტია. ეს ის ემოციაა, რომელიც ყველა ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. ეს ფეხბურთის ნაწილია და ჟორჟიც და მთელი ნაკრებიც უნგრეთთან მატჩს ველოდებით, რათა წარმატებით ვითამაშოთ.
როტაცია ნაკრებში
"ზივზივაძეს და იეგოიანს რაც შეეხება, არის პრობლემები და ტრავმები, რომლებზეც საჯაროდ საუბარი არ ღირს. 4 თამაში გავქვს სათამაშო და ნებისმიერი ფეხბურთელი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს, რათა მოედანზე გამოსვლა და დახმარება შეძლოს."
უნგრეთის ნაკრებზე
"პატივისცემა მეტოქე ნაკრებს. ძალიან კარგი გუნდია და ერთი პლიუსი აქვთ - შინ თამაშობენ და შეთამაშებულები არიან. ჩვენთვისაც და მათთვისაც ერთ-ერთი ბოლო შანსია, რათა პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ კი ჩვენი გეგმები გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ."
შანსები ჯგუფში
"წინა ორი ტურიდან გამოჩნდა, რომ საკმაოდ თანაბარი ჯგუფია, ყველა მატჩი გადამწყვეტია და ყველაფერს დეტალები განსაზღვრავს. ანალოგიური იქნეაბ ხვალაც - ბევრ ასპექტში მნიშვნელობა დეტალებს მიენიჭება."
განწყობა ნაკრებში
"მიუხედავად იმისა, რომ შინ არ ვთამაშობთ, განწყობა მაინც კარგია. შინ არ ვთამაშობთ, თუმცა მთავარია, გუნდი თამაშს სრულად მზად შეხვდეს, რადგან რთული მატჩი გველის."












