ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის მთავარი მოვლენა - პარი სენ-ჟერმენის სტუმრობა მანჩესტერ სიტისთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
მანჩესტერ სიტი VS პარი სენ-ჟერმენი | 23:00
სეზონის არც თუ ისე დამაჯერებლად დაწყებით, პარი სენ-ჟერმენი ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ჩემპიონთა ლიგაზე ბრატისლავის სლოვანის განადგურების შემდეგ, პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატში მიყოლებით 3 შეხვედრა მოიგო. ჩვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა ლე მანთან დუელი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 1-ელი ბურთი შეაგდო.
დღეს, "ლურჯ-წითლებს" ელით უმძიმესი გამოცდა, რადგან მეტოქე საოცარ ფორმაში მყოფი მანჩესტერ სიტი არის. პრემიერ ლიგის ერთადერთი კლუბი, რომელიც ახალ სეზონში ჯერჯერობით მიდის 100%-იანი შედეგით: 6/6 მოგება. "ქალაქელებმა" გზად გაანადგურეს ლივერპული, თანაც სტუმრად, იქამდე კი მეზობელ მანჩესტერ იუნაიტედსაც მოუგეს.
ეტიჰადის ბინადრებს მარტივი გასეირნება გამოუვიდათ ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურშიც, გასვლით მატჩში პორტუს დამარცხებით. დღევანდელ შეხვედრის აფიშას კიდევ უფრო ალამაზებს ის ფაქტი, რომ ლუის ენრიკესა და ენცო მარესკას ექნებათ ოპტიმალური შემადგენლობების გამოყვანის შესაძლებლობა, არავითარი დანაკლისი.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით მეცხრე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, ოთხჯერ იმარჯვეს მან სიტის ფეხბურთელებმა, ორჯერ - პარკ დე პრენსის მკვიდრებმა, ორი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. საინტერესოა ისიც, რომ მანჩესტერელთა 1-ელი წაგება მხოლოდ მე-6 შეხვედრაში დაფიქსირდა.
სათქმელია ისიც, რომ პარი სენ-ჟერმენი "ქალაქელებს" უპირისპირდება პირველად, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ქართველი შემტევი გადავიდა. აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებული იქნება პეპ გუარდიოლასთვის, რომელიც თავისი მოსწავლეების დუელს მიადევნებს თვალს. საუბარია ენრიკესა და მარესკაზე.
ესპანელი დამრიგებელი თავისი თანამემამულის ფრთის ქვეშ მწვრთნელობას დაეუფლა ბარსელონაში, იტალიელი თავკაცი კი ეტიჰადზე. თავად ხოსეპი ამ ეტაპზე ჩამოშორდა თავის საყვარელ საქმიანობას, მაგრამ City Football Group-ის სტრუქტურის ნაწილად დარჩა.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღე
| ლასკი - ლივერპული | 20:45 |
| ფეიენორდი - კომო | 20:45 |
| მანჩესტერ სიტი - პსჟ | 23:00 |
| რომა - რეალი | 23:00 |
| ასტონ ვილა - ფენერბაჰჩე | 23:00 |
| ბეტისი - პორტუ | 23:00 |
| ბოდო გლიმტი - დორტმუნდი | 23:00 |
| სლოვანი - შტუტგარტი | 23:00 |
| შახტარი - აეკი | 23:00 |











