ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - 13 და 14 ოქტომბერს ფაზის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ დღეს ყველაზე საინტერესო აფიშას გვთავაზობს მადრიდი, სადაც ატლეტიკო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00
მან იუნაიტედი უმძიმეს მდგომარეობაში არის პრემიერ ლიგაში, სადაც ექვს მატჩში გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ გამოვიდა. ყველა ტურნირზე ერთად, მანჩესტერს 4-თამაშიანი მოუგებელი სერიაც დაუგროვდა. უკანასკნელი გამონათება მოხდა სწორედ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, რომელზეც "წითელმა ეშმაკებმა" 4:0 საბაჰი გაანადგურეს.
იმის მერე, მარცხი თანაქალაქელ მანჩესტერ სიტისა და ბრაიტონთან, ასევე ფრეები ტოტენჰემსა და ფულჰემთან. გამოსარჩევია ისიც, რომ ოლდ ტრაფორდზე "ქალაქელები" და "მამლები" შეხვედრის მიმდინარეობისას დარჩნენ უმცირესობაში, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც აღვნიშნეთ, მასპინძლებმა მოგება ვერ შეძლეს.
თუ მაიკლ კერიკის გუნდს აქვს ოთხმატჩიანი სერია გამარჯვების გარეშე და ბოლო მოგება დაფიქსირდა ჩემპიონთა ლიგაზე, ატლეტიკოს მიმართებაში ყველაფერი საპირისპიროდაა. პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ 4 შეხვედრაში 12/12 ქულა, ბოლო წაგება კი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ლივერპულთან.
მან იუნაიტედისგან განსხვავებით, მადრიდულმა გუნდმა თანაქალაქელ რეალსა და ალავესთან მატჩებში რიცხვობრივი უპირატესობის გამოყენება შეძლო. დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად მოიაზრება "როხიბლანკოსი", რომელიც თამაშობს შინ და მანჩესტერზე ბევრად კარგ ფორმაშიც იმყოფება.
ამის გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი იქნება ოპტიმალური შემადგენლობით, მაშინ, როდესაც "წითელ ეშმაკებს" არ ეყოლებათ მატის დე ლიხტი და პატრიკ დორგუ, ასევე საეჭვოა ნუსაირ მაზრაუის გამოჩენაც. ერთი სიტყვით, იდეალური წინაპირობა მეტროპოლიტანოს მკვიდრთათვის ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ახალ სეზონში 1-ელი მოგების მოსაპოვებლად.
რაც შეეხება ამ გუნდების ურთიერთმატჩების ისტორიას - ატლეტიკომ იმარჯვა ორჯერ, ორი დაპირისპირებაც ფრედ დასრულდა. დიახ, ოლდ ტრაფორდის მკვიდრებს მადრიდელებთან არასდროს მოუგიათ. ასე იყო 1991/92-ის სეზონის თასების თასსა და 2021/22-ის სეზონის ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზეც.
მან იუნაიტედი ორივე შემთხვევაში მერვედფინალში დამარცხდა. დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული იქნება მატეუს კუნიასთვის, ვინც წლების წინ "როხიბლანკოსში" დამკვიდრებას ცდილობდა. იმის შემდეგ, ბრაზილიელი ფორვარდი კარიერის რეანიმირების მიზნით გადავიდა ვულვზში, დღეს კი ის მანჩესტერშია.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე
| ლანსი - სპორტინგი | 20:45 |
| საბაჰი - სლავია | 20:45 |
| ატლეტიკო - მანჩესტერ იუნაიტედი | 23:00 |
| გალათასარაი - ბარსელონა | 23:00 |
| ვილიარეალი - ნაპოლი | 23:00 |
| არსენალი - ლილი | 23:00 |
| ინტერი - ბრიუგე | 23:00 |
| ვიკინგი - ბაიერნი | 23:00 |
| ლაიპციგი - პსვ | 23:00 |











