ოფიციალურად: ტოდ ბოელი ჩელსის პრეზიდენტი აღარ არის! ამერიკელმა ბიზნესმენმა და მარკ უოლტერმა თავიანთი წილები კლუბში უმსხვილეს მფლობელს, Clearlake Capital-ს მიჰყიდეს, რის შედეგადაც ბეჰდად ეგბალისა და ხოსე ე. ფელისიანოს ხელმძღვანელობით მოქმედმა საინვესტიციო ფონდმა ჩელსიზე სრული კონტროლი მოიპოვა.
ბოელი, უოლტერი და შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისე აქამდე კლუბის 12.8%-იან წილებს ფლობდნენ, ხოლო Clearlake Capital-ის წილი 61.5%-ს შეადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ბოელისა და უოლტერის წილების შესაძენად Clearlake-მ დაახლოებით 1 მილიარდი ფუნტი გადაიხადა.
ბოელი ჩელსის პრეზიდენტი 2022 წლიდან იყო, როდესაც მისმა კონსორციუმმა კლუბი რომან აბრამოვიჩისგან 2.3 მილიარდ ფუნტად შეიძინა. ამ პერიოდში ლონდონელთა საუკეთესო შედეგი პრემიერ ლიგაში 2024/25 წლების სეზონში მეოთხე ადგილი იყო, ამავე სეზონში კი გუნდმა კონფერენს ლიგა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
Clearlake-სა და ბოელის ბანაკებს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ 2024 წელს გამოიკვეთა და მხარეები ერთმანეთის წილების გამოსყიდვის შესაძლებლობასაც განიხილავდნენ. მიუხედავად ამისა, კლუბის განცხადებით, მფლობელობის ცვლილება ჩელსის ყოველდღიურ საქმიანობაზე, ხელმძღვანელობასა და სპორტულ სტრატეგიაზე გავლენას არ მოახდენს. Clearlake-ის ხელმძღვანელებმა ბოელის გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი კლუბის ინფრასტრუქტურის, სპორტული მიმართულებისა და ფეხბურთელების განვითარების გაგრძელებაა.













