უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის ახალი სეზონის პირველ ტურში, ქართველმა გამთამაშებელმა მილუოლს ჯარიმა გაუტანა. ულამაზესი დარტყმის გარდა, ახალგაზრდა ფლეიმეიქერი "ყვითლების" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
"ჩაკვეტაძემ ხარისხიანად ითამაშა. მოსამზადებელ ეტაპზე მან სამი შეხვედრა ჩაატარა და ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. ვარჯიშებსა და თამაშებზე გიორგის ყურება სიამოვნებას მანიჭებს. მილუოლის კარში გატანილი ჯარიმა? - შესანიშნავი დარტყმა იყო, ისევე როგორც ზოგადად მისი პერფორმანსი", - განაცხადა ინგლისელმა დამრიგებელმა.
დავამატებთ იმასაც, რომ სეზონის დაწყების წინ, ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეიცვალა ნომერი და ამიერიდან ის რვანომრიანი მაისურით იასპარეზებს. თბილისის დინამოს აღზრდილი გამთამაშებელი ჰერთფორდშირში თამაშობს გასული წლის აგვისტოდან, ამ დროის მანძილზე მან 38 მატჩში 5 შედეგიანი ქმედება განახორციელა.