დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
შეიძლება ითქვას, ეს იქნება გადამწყვეტი მატჩი, სადაც დავინახავთ, თუ რა არის რეალურად საქართველოს ნაკრების მიზანი მიმდინარე ერთა ლიგაზე, რადგან ჩვენს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ამ ორ თამაშში გოლიც არ გაუტანია.
საინტერესოა, რომ ჩვენი მეტოქეც ზუსტად იგივე სიტუაციაშია - ერთი ქულა, 0 გოლი და გადამწყვეტი მატჩი საქართველოსთან, რათა ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლონ.
შეხვედრა "პუშკაშ არენაზე" გაიმართება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთვის ისტორიული სტადიონია. 4 თვის წინ, ხვიჩამ ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ მეორედ აღმართა.
საქართველოს ნაკრებში ცვლილება განხორციელდა, მთავარი მწვრთნელის პოსტი ვილი სანიოლმა დატოვა და ნაკრები რამაზ სვანაძემ ჩაიბარა. უკრაინასთან კი სათამაშო ხარისხში სხვაობა აშკარა იყო და მთავარი, რაშიც ჩვენმა ნაკრებმა მოუმატა - პრესინგი იყო.
გუშინ, საქართველოს ნაკრებმა "პუშკაშ არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. აღნიშნულ შეხვედრას 1000 ქართველ გულშემატკივარზე მეტი დაესწრება.

რამაზ სვანაძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):"პატივისცემა მეტოქე ნაკრებს. ძალიან კარგი გუნდია და ერთი პლიუსი აქვთ - შინ თამაშობენ და შეთამაშებულები არიან. ჩვენთვისაც და მათთვისაც ერთ-ერთი ბოლო შანსია, რათა პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ კი ჩვენი გეგმები გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. წინა ორი ტურიდან გამოჩნდა, რომ საკმაოდ თანაბარი ჯგუფია, ყველა მატჩი გადამწყვეტია და ყველაფერს დეტალები განსაზღვრავს. ანალოგიური იქნეაბ ხვალაც - ბევრ ასპექტში მნიშვნელობა დეტალებს მიენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ შინ არ ვთამაშობთ, განწყობა მაინც კარგია. შინ არ ვთამაშობთ, თუმცა მთავარია, გუნდი თამაშს სრულად მზად შეხვდეს, რადგან რთული მატჩი გველის."
მარკო როსი (უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი): "აუცილებელია, რომ შეტევით ფაზაში მოვუმატოთ და უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები მივიღოთ. თამაში დაცვაშიც უნდა გავაუმჯობესოთ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მათი 8 ფეხბურთელი ტოპ ჩემპიონატებში თამაშობს, გამოვარჩევდი ორ მოთამაშეს - ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოედნის ყველა ნაწილში გადაადგილდება და სრული თავისუფლება აქვს და მიქაუტაძეს, რომელიც საჯარიმოში ძალიან სახიფათოა"
ურთიერთშეხვედრების ისტორია: საქართველო - უნგრეთი 3:1 (2001 წელი). უნგრეთი - საქართველო 4:1 (2001 წელი)
უნგრეთი - საქართველო
ერთა ლიგის, ჯგუფური ეტაპი (მე-3 ტური)
პუშკაშ არენა, ბუდაპეშტი
2 ოქტომბერი, 22:45
მთავარი მსაჯი: ს.იოვანოვიჩი (სერბეთი)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე












