რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა! ჩელსიმ კიდევ ერთი საინტერესო ტალანტის გაფორმება გადაწყვიტა - საუბარია ბარსელონას 18 წლის ფეხბურთელზე - მარკ გიუზე. ლონდონურმა კლუბმა, ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის გადახდა გადაწყვიტა, ამის შესახებ ესპანურ გრანდს უკვე აცნობეს.
ამ გარიგებით, ბარსელონა სულ რაღაც €6 მილიონს მიიღებს. ტრანსფერის დახურვამდე, კატალონიური გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა გიუმ გუნდისგან გარანტიები ვერ მიიღო. 18 წლის ფორვარდს, პირველ გუნდში დიდი სათამაშო დროის მიღება სურდა, რასაც ჰანსი ფლიკი ვერ ჰპირდებოდა.
გიუს დებიუტი ბარსელონას პირველ გუნდში წინა სეზონში, ჩავის ხელმძღვანელობის დროს, შედგა. ესპანელმა ფორვარდმა გასულ სეზონში ჯამში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა პერიოდშიც ორი გოლის გატანაც მოახერხა.
ჩელსი, ტოდ ბოელის მიერ დაწყებულ საინტერესო პროექტს და ახალგაზრდა ტალანტების შეძენას, კვლავ აგრძელებს.