ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული ექვსი გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. დღეს მათ რიცხვს კიდევ ორი კლუბი შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ამ ექვსი გუნდიდან ოთხს წვრთნის ისეთი დამრიგებელი, რომელიც ფეხბურთელობის დროს ბარსელონაში თამაშობდა. გადავავლოთ თვალი კატალონიურ მემკვიდრეობას.
ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) - საბავშვო აკადემიაში გატარებული წლების ჩათვლით, გვარდიოლა "ბლაუგრანაში" 1984-2021 წლებში თამაშობდა. ესპანელმა ჩამშლელმა "ლურჯ-ბროწეულისფრებში" ჩაატარა 382 მატჩი, გაიტანა 11 ბურთი და მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის, კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი.
ლუის ენრიკე (პარის სენ-ჟერმენი) - მადრიდის რეალიდან გადმოსული შემტევი ნახევარმცველი, რომელიც შინაური სწორედ კამპ ნოუზე გახდა. ენრიკე ბარსაში 1996-2004 წლებში თამაშობდა, მის ანგარიშზეა 300 მატჩი და 109 ბურთი. ცნობისთვის, ესპანელმა გამთამაშებელმა საფეხბურთო კარიერა სწორედ კატალონიაში დაასრულა.
ხავი ერნანდესი (ბარსელონა) - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ეპოქალური "ბლაუგრანას" ნამდვილი ფუნდამენტი იყო. 1991-2015 წლები "ლურჯ-ბროწეულისფერი" მაისურით, ჯერ აკადემიაში, შემდეგ კი მთავარ გუნდში. 767 მატჩი, 85 ბურთი და უამრავი ტიტული.
მიკელ არტეტა (ლონდონის არსენალი) - არტეტას კამპ ნოუზე მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია, თუმცა 1997-2002 წლებში მისი სახელი ამ კლუბს მაინც უკავშირდებოდა. ესპანელმა შუახაზელმა წლები გაატარა ბარსას აკადემიასა და სარეზერვო გუნდში, მაგრამ შემდეგ დაიწყო მისი მოგზაურობა სხვადასხვა მიმართულებით.