როგორც მოგეხსენებათ, კოპა ამერიკას მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრები ურუგვაის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. ძირითადსა და დამატებით დროში დაფიქსირდა უგოლო ფრე, რის შემდეგაც "სელესაომ" 11-მეტრიანებში წააგო. ამ ფაქტს გამოეხმაურა არგენტინული Olé, რომელმაც რონალდინიო გაუჩოს ხმაურიანი განცხადება გაიხსენა.
ტურნირის დაწყების წინ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა შემტევმა განაცხადა - "არ ვაპირებ არცერთი შეხვედრის ყურებას. მათ ენერგია და სილაღე აკლიათ. ამის გარდა, ამჟამინდელი ბრაზილიის თამაშის ხარისხიც ცუდია. არავითარი თავდადება და თავდაჯერებულობა", - ასე გააკრიტიკა ბარსელონას ყოფილმა ფლეიმეიქერმა "სელესაო".
აღმოჩნდა, რომ ხმაურიანი განცხადება იყო ლეგენდარული ათიანის დეოდორანტების ბიზნესის სარეკლამო კამპანიის ნაწილი. ვნებათაღელვამ ჩაიარა, თუმცა "ჯადოქრის" განცხადება ხალხში მაინც დარჩა. "სელესტესთან" წაგების შემდეგ, არგენტინულმა გამომცემლობამ დაწერა: "დინიო, შენ არაფერი დაგიკარგავს!", - წერს Olé.