5 ოქტომბერს, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდ.ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
„განწყობა ნორმალურია. რა თქმა უნდა, იდეალურ სიტუაციაში არ ვართ, თუმცა ასეთი მომენტები ნებისმიერი ადამიანის, გუნდის თუ ნაკრების ცხოვრებაში ხდება. რთული სიტუაციები და პერიოდები არასდროს არის გამორიცხული. უკვე მეოთხე თამაშია და დაღლილობის ფონი, რა თქმა უნდა, იგრძნობა, თუმცა ამ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ. წინ კიდევ ერთი დღე გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ეს დრო გამოვიყენოთ. დღევანდელი ღამისა და ხვალინდელი დღის შემდეგ შევაფასებთ ფეხბურთელების ფუნქციურ მდგომარეობას და საბოლოო გადაწყვეტილებას სასტარტო შემადგენლობაზე უშუალოდ თამაშის წინ მივიღებთ.
დღევანდელ ნაკრებში ფეხბურთელების უმრავლესობა სწორედ ის ბიჭებია, რომლებმაც საქართველოს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანეს, რაც ჩვენს ქვეყანას ფეხბურთში ოდესმე ჰქონია. ასევე გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ახალგაზრდულ დონეზე საქართველოსთვის ისტორიული შედეგები დააფიქსირეს. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობს, თუმცა, როდესაც რთულ პერიოდზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორედ ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამ სირთულიდან აუცილებლად გამოვლენ. ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან და ამ პროცესში ძალიან გვჭირდება მაყურებლის მხარდაჭერა.
რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელიც გუნდურ პრინციპებს მაქსიმალურად იცავს. ამასთან ერთად, ისინი მაღალი დონის დისციპლინითაც გამოირჩევიან და ჩვენს ქვეჯგუფში ამ მხრივ ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ველოდებით რთულ თამაშს. ასეთ გუნდებთან შეხვედრა არასდროს არის მარტივი, თუმცა ყველა გუნდს, მათ შორის ჩრდილოეთ ირლანდიასაც, აქვს თავისი მინუსები და ვეცდებით, ისინი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ ხვალ საკუთარ თავს ძალიან კარგად წარმოვაჩენთ, მეტი შანსი გვექნება, რომ ყველანი გახარებული და გამარჯვებული დავბრუნდეთ სახლში.“, - განაცხადა სვანაძემ.

















