- საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix Sevens პირველად ტარდება, ჩემპიონატი წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს, რომელშიც მემორანდუმის ფარგლებში, როგორც ადგილობრივი ორგანიზატორი ჩართულია ააიპ 7x7 ფეხბურთის ასოციაცია. ჩემპიონატში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ეს იქნება პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი ISF-ის ჩართულობით, რომელიც იმართება 7-7-ზე ფორმატით.
რაც შეეხება გუნდების სიძლიერეს, ჩემპიონატში წარმოდგენილი არიან ძირითადად ისეთი ქვეყნის გუნდები, სადაც შიდა ჩემპიონატები ტარდება 7x7 ფორმატით და შესაბამისად, მონაწილე გუნდები ადაპტირებულები არიან როგორც მოედნის პარამეტრებთან ასევე აღნიშნულ ფორმატთან. თითქმის ყველა გუნდს ყავს მოთამაშეები, რომლებსაც ამავდროულად ირიცხებიან იმავე ქვეყნის მინი ფეხბურთის ნაკრებში და მათ არაერთ საერთაშორისო საკლუბო თუ სანაკრებო ჩემპიონატებში მიუღიათ მონაწილეობა.
მონაწილე გუნდები არიან შემდეგი ქვეყნებიდან (1. საქართველო 2. ამერიკის შეერთებული შტატები 3. ესპანეთი 4.პორტუგალია 5. მოლდოვა 6.კვიპროსი 7. საბერძნეთი 8. ხორვატია 9.უკრაინა 10. თურქეთი 11.ეგვიპტე 12. ბელგია 13. ომანი)

- საერთაშორისო ტურნირამდე მისვლა ნიშნავს პროექტის საერთაშორისო აღიარებას..
- გარკვეულწილად გეთანხმებით, თუმცა ეს დიდი გამოცდაცაა ჩვენი ორგანიზაციისთვის და ვცდილობთ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ რათა ჩემპიონატი მაღალ დონეზე იყოს ორგანიზებული.
სამწუხაროა, რომ კერძო ბიზნესის 90% მეტი ვერ აცნობიერებს ამ ყოველივეს მნიშვნელობას, მათ შორის ჩვენ შიდა BETLIVE MASTER LEAGUE-ის ჩემპიონატში მონაწილე დიდი კომპანიები, ალბათ ამ ყველაფერს კულტურისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება მოიტანს, ვინაიდან კერძო ბიზნესის დაფინანსების გარეშე შეუძლებელია სპორტისა თუ მსგავსი ტიპის ღონისძიებების განვითარება.
- საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა ქართველი ფეხბურთელებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რამდენად შეუწყობს ეს ტურნირი ხელს საქართველოში 7X7 ფეხბურთის კიდევ უფრო პოპულარიზაციას?
- ჩვენ უკვე 3 წელია მონაწილეობას ვიღებთ ISF-ის ორგანიზებულ საერთაშორისო სანაკრებო ჩემპიონატებში. საერთო ჯამში 60-ზე მეტ მოყვარულ ფეხბურთელს მიეცა შესაძლებლობა რომ საქართველოს სახელით ეასპარეზა მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატზე. სასიხარულოა ისიც, რომ რამდენიმე მათგანმა გააგრძელა პროფესიონალური კარიერა ფუტსალისა და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებში.
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ჩემპიონატიც შეუწყობს ხელს, ქართველმა ფეხბურთელებმა მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ასევე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი დიდ გავლენას მოახდენს მასობრივი ფეხბურთისა და 7x7 ფეხბურთის პოპულარიზაციის კუთხით.
- საერთაშორისო ტურნირზე რომელი ქართული გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ფეხბურთელებს ვის ვიხილავთ?
- ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს ოთხი ქართული გუნდი. თბილისის მერია, ბეთლაივი, რევაინი და ქროსთი. ქართულ გუნდებში შეხვდებით ეროვნული ნაკრების ყოფილ მოთამაშეებსაც, (ლევან მჭედლიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე) შესაბამისად, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი კარგ სანახაობას და მაღალი დონის ფეხბურთს იხილავს.

- შიდა ჩემპიონატზეც მინდა გკითხოთ, მე-6 სეზონი მიმდინარეობს, პირველი სეზონი რომ გაიხსენოთ და განვითარების რა ეტაპები გაიარეთ?
- როდესაც 7x7 ფეხბურთის ასოციაცია ფუძნდებოდა 2019 წელს, ძალიან ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ჩვენ ჩემპიონატს და შემდგომ განვითარებას. მიუხედავად ზემოხსენებულისა, ჩვენ გუნდს გააჩნდა რწმენა, ენთუზიაზმი და მიზანი რომ შეგვექმნა ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ სხვადასხვა სოციალური სფეროსა და პროფესიის ადამიანები. ეს არის ჩემპიონატი, სადაც ყველა მონაწილე გამარჯვებულია. ჩვენმა გუნდმა წლების განმავლობაში შეგვექმნა გარემო, რომელიც დროებით წყვეტს ადამიანებს სხვადასხვა ცხოვრებისეული პრობლემებისგან და მათ ახალ შესაძლებლობების გამოვლენაში ვეხმარებით. მეტი ილუსტრაციისათვის, რომ თვალნათელი გავხადოთ ჩვენი განვითარების ეტაპები ციფრებსაც მოვიშველიებ. პირველ წელს თბილისის ჩემპიონატში 20 გუნდი მონაწილეობდა, დღეს კი მხოლოდ დედაქალაქში 91 გუნდი იღებს მონაწილეობას, 2 წლის უკან დავიწყეთ რეგიონალური დასავლეთ და აღმოსავლეთ BETLIVE MASTER LEAGUE-ს ორგანიზება, სადაც რეგიონის გუნდები არიან ჩართულები, ხოლო იმ გუნდებისათვის რომლებიც სტაბილურ ჩემპიონატებში ვერ ახერხებენ მონაწილეობას ვატარებთ მუნიციპალურ რაუნდებს მთელი საქართველოს მასშტაბით და მონაწილე გუნდების საერთო წლიური მაჩვენებელი უკვე 500-ს აჭარბებს.
ყოველ წელს ვცდილობთ, რომ სიახლე შევთავაზოთ ჩვენ მონაწილეებს და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩემპიონატი, ამიტომ მიმდინარე წელს დავიწყეთ JUNIOR MASTER LEAGUE-ს ჩემპიონატის ორგანიზება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 9-დან 12 წლამდე ბიჭები და გოგონები, ხოლო გუნდების რაოდენობა 256-ს შეადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

- დაფუძნების დღიდან რა იყო 7×7 ფეხბურთის ასოციაციის მთავარი მიზანი და რა არის ახლა?
როდესაც ორგანიზაცია ფუძნდებოდა ჩვენ მიზანს წარმოადგენდა:
ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრება.
ნახევრად პროფესიონალური, პროფესიონალური და სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება საქართველოს ყველა რეგიონში.
6x6 და 7x7 ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ფორმირება და საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის მიღება.
საერთაშორისო ჩემპიონატების ორგანიზება.
ზემოხსენებული მიზნების დიდი ნაწილი გარკვეულწილად რეალიზებული იქნა, თუმცა აუცილებელია შედეგის კიდევ უფრო განვითარება და სიახლეებთან ადაპტირება.









