ეროვნული ლიგის მეორე ტურის ფარგლებში, ქუთაისის ტორპედომ უმასპინძლა თბილისის იბერიას, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 84-ე წუთისთვის დედაქალაქელები 3:0 იგებდნენ, რის შემდეგაც სტივ კინის შეგირდებს ქამბექის შესრულების მცდელობა ჰქონდათ.
მივყვეთ თანმიმდრევრობით - შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისისთვის, გიორგი კოხრეიძის დუბლის შემდეგ, გიორგი მიქაძის შეგირდები ტორპედოს ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ. შოთა ნონიკაშვილის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის შემდეგ კი, იბერიას სასარგებლოდ ანგარიში დამანგრეველიც გახდა.
ნიკოლა ნინკოვიჩმა 86-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მესამე დამატებულ წუთზე კი ბიორნ იონსენმა თბილისელებს მეორე გოლიც გაუტანა. ქუთაისელები მთელი ძალებით ცდილობდნენ მატჩის გადარჩენას, მაგრამ მოგება მაინც დედაქალაქელებს დარჩათ. ეროვნული ლიგის შემდეგი ტური 10 მარტს გაიმართება: კინის შეგირდები თბილისში ესტუმრებიან დინამოს, მიქაძის გუნდი კი სამტრედიას უმასპინძლებს.