როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ 900-გოლიან ნიშნულს მიაღწია. საფეხბურთო სამყაროში ტრიალებს კითხვა - შეძლებს თუ არა პორტუგალიელი ფორვარდი თავისი კარიერის ბოლომდე 1000 ბურთის გატანას? თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, უბრალოდ რამდენიმე ფაქტორი არის გასათვალისწინებელი.
პირველ რიგში დავითვალოთ ალ-ნასრის კაპიტნის გოლები საკლუბო დონეზე უკანასკნელი 20 თვის განმავლობაში - 2023 წლის იანვრიდან მოყოლებული მან 68 ბურთი გაიტანა. ამას დავუმატოთ ლეგენდარული 7-იანის კიდევ 12 გოლი პორტუგალიის ეროვნული გუნდის მაისურით. საერთო ჯამში 80 ბურთი გვაქვს.
უხეშად რომ ვთქვათ, 39 წლის თავდამსხმელი თვეში საშუალოდ ოთხ გოლს იტანს. ასეთ რიტმში კიდევ 100 ბურთის გასატანად მას 25 თვე დასჭირდება. 2 წელი და 1 თვე, 2026 წლის შემოდგომა. ცხადია, ეს უბრალოდ ვარაუდია და ზუსტი თარიღის განსაზღვრა შეუძლებელია. ამის გარდა, ბურთების დათვლისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი.
პირველ რიგში რონალდუს ფორმა, ტრავმიანობა, პაუზები ჩემპიონატებს შორის და ა.შ. როგორც აღვნიშნეთ, სავარაუდო თარიღი 2026 წლის შემდგომა არის. იქამდე პორტუგალიელ ფორვარდს ელის კიდევ 2 სეზონი საუდის არაბეთში, ერთა ლიგა, მუნდიალის შესარჩევი და თვითონ მუნდიალი, რომლის მონაწილე ის თავადაც იქნება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კრიშტიანუს მოქმედი კონტრაქტი რიადულ გუნდთან 2025 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი. რაც შეეხება არაბული კლუბის კაპიტნის მოტივაციას: მას წარსულში უთქვამს, რომ 900-ბურთიანი ნიშნულის გადაბიჯების შემდეგ, ის 1000 გოლის გატანაზეც იფიქრებს. როგორც ვხედავთ, ლეგენდარული 7-იანი მოტივაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უჩივის.