დღეს 13 აგვისტოა და ტოპ 5 ლიგაში, მხოლოდ ლივერპულია ისეთი გუნდი, რომელსაც ამ ზაფხულს ტრანსფერი არ გაუკეთებია, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს... არნე სლოტს სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა, თუმცა ახალ გუნდში სრულიად განსხვავებული სიტუაცია დახვდა. ნიდერლანდელი მწვრთნელი, მინიმუმ, 2-3 ახალ ტრანსფერს ითხოვდა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა.
რამდენიმე დღის წინ, გუნდმა ახალი საყრდენი ნახევარმცველის დამატება გადაწყვიტა, მარტინ ზუბიმენდი კი #1 სამიზნე იყო — მერსისაიდული კლუბი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, €60 მილიონის გადახდაზეც თანახმა იყო, თუმცა როგორც რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, ესპანელმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და რეალ სოსიედადში დარჩენა გადაწყვიტა!
სლოტსა და მის გუნდს სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა, რადგან პირველი კონტაქტის შემდეგ, იმის ალბათობა, რომ ტრანსფერი შედგებოდა, საკმაოდ დიდი იყო, თუმცა ფეხბურთელმა მთლიანი გარიგება ჩაშალა. ამას ისიც ემატება, რომ სოსიედადი მალე ფეხბურთელს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს და მხარეები, სავარაუდოდ თანამშრომლობას კიდევ რამდენიმე წელი გააგრძელებენ.
ამ მომენტისთვის უცნობია, ლივერპული სხვა სამიზნეზე გადაერთვება თუ არა.