ლივერპული ამ სეზონში წარმატებულ სვლას აგრძელებს. არნე სლოტის გუნდი 23 ტურის შემდეგ, 56 ქულით, პრემიერ ლიგას ლიდერობს, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მერსისაიდელები 1/8 ფინალში არიან გასულები. გუნდის მიზანი ამ სეზონში რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაა, რისთვისაც ლივერპული ყველაფერს გააკეთებს. თუმცა ამ სტატიაში გუნდის მიზნებზე არ ვისაუბრებთ — დღეს განვიხილავთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სეზონის ბოლოს შესაძლოა გუნდი დატოვონ.

დიდი სამეულის თაობაზე სიტუაცია უცვლელია — მო სალაჰი, ვირჯილ ვან დაიკი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ამ დრომდე ახალი კონტრაქტების გარეშე არიან. კლუბი და ფეხბურთელები ახალ ხელშეკრულებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან და თუ სიტუაცია უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება, დიდი შანსია სამივე მათგანმა სეზონის ბოლოს ლივერპული დატოვოს. შეგახსენებთ, რეალ მადრიდი ტრენტის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და როგორც ესპანეთში წერენ, ფლორენტინო პერესს სჯერა, რომ ინგლისელის ტრანსფერს დახურავს.
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ალისონ ბეკერი, კაომჰინ კელეჰერი, ენდრიუ რობერტსონი, ლუის დიასი, დიოგუ ჟოტა, ფედერიკო კიეზა და დარვინ ნუნიესი დიდი შანსია გუნდის მაისურით ბოლო სეზონს ატარებდნენ. დიახ, ეს ფეხბურთელები ხელშეუხებელთა კატეგორიაში ნამდვილად არ შედიან და კლუბი მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. რა თქმა უნდა ყველა მათგანი გუნდს არ დატოვებს, მაგრამ დიდი ცვლილებები, რომ მოსალოდნელია, ამას ინგლისური პრესა ადასტურებს.
თითქმის გადაწყვეტილია დარვინ ნუნიესის წასვლა, რომლის ტრანსფერზე საუდის კლუბები იანვარშიც მუშაობდნენ. ხოლო რაც შეეხება დიოგუ ჟოტას და ლუის დიასს, არნე სლოტი მზადაა შეტევის გადასახალისებლად და არის შანსი ეს ფეხბურთელები სხვა ფორვარდებით ან ვინგერებით ჩანაცვლდნენ.
როგორც ჩანს ლივერპულს ძალიან ცხელი ზაფხული ელოდება. ენფილდის ბინადრები 2025/26 სეზონის წინ დიდ გადატვირთვას გეგმავენ.