მილანი, რომ საბა გოგლიჩიძით ინტერესდება, ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ უკვე გაცნობეთ. "როსონერი" 20 წლის ცენტრალური მცველის ყიდვას იანვარშივე გეგმავს. იტალიური გრანდი დიდი კონკურენციის ფონზე, ქართველი ფეხბურთელის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება. ასევე განიხილება გოგლიჩიძის ყიდვა და 6-თვიანი იჯარით ემპოლიში დატოვებაც. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. საქმეშია ტურინის იუვენტუსიც. ემპოლი საბას დაახლოებით €10-15 მილიონად აფასებს.

ვინ არის ჯოფრი მონკადა, რომელიც საბა გოგლიჩიძის მილანში ტრანსფერზე მუშაობს
ფრანგი სკაუტი, რომელიც ახლა მილანის სპორტული დირექტორია, ახლაგაზრდა ქართველი მცველის დამატებას 2023 წელსაც ცდილობდა. იმ პერიოდში, მონკადა გუნდის მთავარი სკაუტი იყო, რომლის მოვალეობაც საინტერესო და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა იყო. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, მილანის ინტერესი დადასტურებული და რეალური იყო, თუმცა იმ მომენტში "როსონერიმ" ქართველ ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო ვერ შესთავაზა, ამიტომ საქმიდან გავიდა. ასე მოხდა იუვენტუსის შემთხვევაშიც, რასაც შემდგომში ემპოლიში ტრანსფერი მოჰყვა, სადაც გოგლიჩიძე ძალიან კარგად დამკვიდრდა.
ახლა კი მონკადა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ისევ მიუბრუნდა, უკვე სპორტული დირექტორის ამპლუაში და მზადაა დიდი კონკურენტიის მიუხედავად, ტრანსფერი დახუროს. უახლოეს დღეებში მილანი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.