ვალენსია ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა — რუბენ ბარახას გუნდმა პრესეზონი დაიწყო და გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩებიც ჩაატარა, საიდანაც ერთ-ერთში კარი "ღამურების" ახალმა კიპერმა, სტოლე დიმიტრიევსკიმ დაიცვა. ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარე ვალენსიას 1 ივლისს შეუერთდა, თანაც სრულიად უფასოდ, თუმცა მაშინ მხარეებს სულ სხვა გეგმები ჰქონდათ. დიმიტრიევსკი გუნდმა მხოლოდ იმიტომ დაიმატა, რომ ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელს ეძებდა, თუმცა სიტუაცია ახლა თავიდან ბოლომდე შეიცვალა.
მამარდაშვილს, რომ საოცარი ევრო 2024 ჰქონდა, ამაზე დღემდე ყველა საუბრობს, თუმცა ტოპ ლიგის გუნდებს, ამ მომენტისთვის პირველი ნომრების პრობლემა არ აქვთ, 23 წლის მეკარე კი მხოლოდ ისეთ გუნდში გადავა, სადაც #1 იქნება, შესაბამისად, გიორგის დამატებას ამ მომენტისთვის არავინ ცდილობს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ვალენსია ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ €40 მილიონს ითხოვს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა. ამ პირობების გათვალისწინებით, დიდი შანსია მამარდაშვილი მომდევნო სეზონშიც ვალენსიაში ვიხილოთ, რაც დიმიტრიევსკის მომავალს ცვლის.
სულ რამდენიმე საათის წინ კი ერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი — როგორც გაირკვა, დიმიტრიევსკის კონტრაქტში წერია გამოსასყიდი თანხა, კერძოდ €3 მილიონი, რისი ამოქმედებაც გუნდებს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუძლიათ, შესაბამისად, თუ მამარდაშვილი გუნდში დარჩება, ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარე, ვალენსიას დიდი ალბათობით, დატოვებს.