
ფეხბურთელებზე ზეწოლა დიდი იყო და ფეხბურთის თამაშის გარდა მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობდა უწევდათ. წლების შემდეგ გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, ოქროს ბურთის მფლობელმა მათიას ზამერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ დინამო დრეზდენში თამაშის დროს შტაზისთან თანამშრომლობდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ დინამოს ერიხ მილკე ხელმძღვანელობდა - ეროვნული უსაფრთხოების შეფი. თუკი დინამოში თამაში გსურდა, სახალხო პოლიციასთან უნდა გეთანამშრომლა.
„დინამოში მუსიკას ფელიქს ძერჟინსკის სახელობის დანაყოფი უკვეთდა. თავისთავად, ეს კარგი საშუალება იყო ჯარში მსახურობისგან თავის ასარიდებლად. უარი რომ მეთქვა, თავს არმიაში მიკრავდნენ, ეს კი დინამოდან წასვლასა და საფეხბურთო კარიერის დასრულებას ნიშნავდა. პირადად ჩემზე ისეთი ზეწოლა იყო, რომ ვერ გავუძელი. დიახ, ეს სევდიანი ისტორიაა, მაგრამ ალტერნატივა არ მქონდა." - იხსენებდა ზამერი.

ერთ-ერთი ტრაგიკული ასეთი ამბავი ლუც აიგენდროფს გადახდა. მაგდებურგში დაბადებულმა სპორტსმენმა ახალგაზრდული კარიერა 1970 წელს დინამო ბერლინში დაიწყო და მალევე კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. აიგენდორფი რამდენიმე წელიწადში გდრ-ის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, რომლის წარმატებაზე პირადად ერიხ ჰონეკერი ზრუნავდა, მაგრამ ნახევარმცველს სხვა გეგმები ჰქონდა. 1979 წელს დინამო ბერლინი დასავლეთში კაიზერსლაუტერნთან ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ჩავიდა, ნახევარმცველი მიხვდა რომ ასეთი შანსი შესაძლოა მეორედ არ ჰქონოდა - აღმოსავლეთში დაბრუნების დროს გუნდს მოწყდა და თავი რაინ-პფალცის რეგიონს შეაფარა. ფეხბურთელს სურდა კარიერა დასავლეთ გერმანიის კლუბებში გაეგრძელებინა, მაგრამ უსაფრთხოების გამო მას 1 წელი თამაშის ნება არ დართეს. მისი აქტივობა ახალგაზრდულ გუნდებში მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა. 1 წლის შემდეგ ის კაიზერსლაუტერნს შეუერთდა, მაგრამ ფეხბურთელმა დასავლეთ გერმანიის ნაკრებში თამაში ვერ შეძლო, რადგან აღმოსავლეთის შემადგენლობაში 6 თამაშის ჩატარება უკვე მოესწრო. ეს არი იყო გაპარვის პირველი შემთხვევა, მაგრამ აიგენდორფი დასავლეთში მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ როდი წავიდა, ის ღიად აკრიტიკებდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ რეჟიმს და პირადად ერიხ მილკეს.

ფეხბურთელის მეუღლე ქალიშვილთან ერთად ბერლინში დარჩა, შტაზიმ განქორწინება მალევე გააფორმა და გაბრიელა მეორედ გათხოვდა - როგორც შემდგომ გაირკვა უსაფრთხოების სამსახურის აგენტზე. აიგენდორფი კაიზერიდან ბრაუნშვაიგის აინტრახტში გადავიდა, მაგრამ სპორტსმენის კარიერა დიდხანს ვერ გაგრძელდა -1983 წლის 5 მარტს, ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში მოყვა და ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა, მაშინ ეს უბედურ შემთხვევად შეფასდა და ფეხბურთელი გაკვეთის გარეშე დაკრძალეს. გერმანიის გაერთიანებისა და შტაზის შესახებ მიღებული ლუსტრაციის კანონის შედეგად გაირკვა, რომ აიგენდორფის სიკვდილი შტაზის მაღალჩინოსნების მოწყობილი იყო. დოკუმენტურ ფილმში - სიკვდილი მოღალატეს, შტაზის ყოფილ თანამშრომლებთან საუბრის შედეგებთან ერთად ლუც აიგენდორფის ცხოვრების ბოლო საათი დეტალურადაა აღდგენილი. უსაფრთხოების ძალების კვალი ნათლად ჩანს.

ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ დინამოს ფანებმა ტრიბუნებზე ბანერი გაშალეს წარწერით: „Eisenfuß, wir trauern um dich - რკინისფეხავ, ჩვენ ვგლოვობთ". ეს ფაქტი შტაზიში მორიგ საფრთხედ იქნა შეფასებული და მას შემდეგ ბერლინელ კლუბის ულტრასებს საპოლიციო წარმომადგენელი მიუჩინეს, რომელსაც ტრიბუნის ცენზორის სტატუსი ჰქონდა. როგორც ამბობენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ფეხბურთელს რეჟიმმა კრიტიკა არ აპატია. ფეხბურთელების ნაწილი რომლებმაც გაქცევა მოახერხეს, მხოლოდ ფეხბურთის თამაშით იყვნენ დაკავებულები და პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებისგან თავს იკავებდნენ შტაზის რისხვას გადაურჩნენ.

ბელგრადში ჩასვლის შემდეგ ქალაქის დასათვალიერებლად უფროსობამ ფეხბურთელებს 1 საათი მისცა. დინამოელთა ფეხბურთელები მაღაზიაში ერთად იყვნენ, როდესაც ფალკომ მაღაზიის უკანა გასასვლელი შენიშნა, მეგობარს თვალებით ანიშნა რომ ეს გაპარვის კარგი შანსი იყო. ისინი ნელ-ნელა ჩამოშორდნენ სხვა ფეხბურთელებს და უკანა გასასვლელიდან გაიპარნენ. ფეხბურთელებმა ტაქსის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან მისვლა სთხოვეს, რამდენიმე უარის შემდეგ ბიჭებს ნერვიულობა შეეტყოთ, მაგრამ გერმანული მარკის სანაცვლოდ სერბი ტაქსისტის დაყოლიება მაინც მოახერხეს. ასე აღმოჩნდნენ გფრ-ის საელჩოში შლეგელი და გიოტცე.

მეგობრები ბელგრადიდან ზაგრებში გადაიყვანეს, რადგან იუგოსლავიის დედაქალაქში მათი ყოფნა საშიში იყო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსულოს დახმარებით ყალბი საბუთების დამზადება და ფეხბურთელების ტურისტებად გასაღება მოხერხდა. ასე ლიუბლიანას გავლით ავსტრიის საზღვართან არსებული პუნქტში მისვლის შესაძლებლობა გაჩნდა.
როდესაც ფეხბურთელების ოჯახებმა ტელევიზორი ჩართეს, მათი შვილები განაცხადში ვერ იხილეს, არადა გუნდისთვის ორივე უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები იყვნენ. ნათესავებთან დაკავშირება დაკავშირება შლეგელმა და გიოთცმა სამშვიდობოს გასვლის შემდეგ მოახერხეს. დირკმა პირველად დედას დაურეკა: „ის ცოტათი განაწყენებული იყო, ეს ყველაფერი მისთვის მოულოდნელად მოხდა. მან არაფერი იცოდა ჩვენს გეგმებზე და გაქცევის შესახებ გფრ-ის ტელევიზიისგან შეიტყო. ვუთხარი, რომ კარგად ვართ და მორჩა, ვიცოდი რომ შტაზი გვისმენდა. მე და ფალკომ გადავწყვიტეთ, რომ ყველა ინტერვიუში პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდით, არ გავაკრიტიკებდით აღმოსავლეთგერმანულ ცხოვრებას, ვისაუბრებდით მხოლოდ ფეხბურთზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მშობლებს საფრთხე ელოდა.": - ამბობს შლეგელი
მალევე მეგობრები ლევერკუზენის ბაიერს შეუერთდნენ - ფალკომ „ფარმაცევტებში" ხუთი სეზონი გაატარა და 1987/1988 წლების სეზონში რაინულ გუნდთან ერთად უეფას თასიც მოიგო. შემდგომ იყო კიოლნი და გალათასარაი, რომელთან ერთადაც ორჯერ თურქეთის ჩემპიონობა და თასი მოიგო. შლეგელი ლევერკუზენში 1985 წლამდე თამაშობდა, შემდეგ ძალები შტუტგარტშიც მოსინჯა. მშობლებთან შეხვედრას ფეხბურთელები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. გაქცევის შემდეგ შლეგელმა ახლობლები პირველად 1987 წელს ჩეხოსლოვაკიაში ნახა, გიოთცი კი მშობლებს ერთი წლის შემდეგ - უნგრეთში შეხვდა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დარჩენილი ახლობლების მონახულება ბიჭებს სოციალისტური ბანაკის ქვეყნების გავლით უწევდათ, მანამ სანამ ბოროტება სახელად ბერლინის კედელი არ დაინგრა. ორად გაყოფილმა ერმა კვლავ შეძლო თავისუფლად სუნთქვა, ცხოვრება და ფეხბურთის თამაში.















