რომას ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა -
"ის ტოპ-ფეხბურთელია, თუმცა მისი მომავლის თაობაზე გუნდს დაფიქრება მართებს. არაფერი მაქვს დიბალას საწინააღმდეგო, უბრალოდ ის არის მოთამაშე, რომელიც სეზონში საშუალოდ 15 მატჩს ატარებს. ეს მართლაც დასაფიქრებელია.
როდესაც გაქვს სერიოზული მიზნები, თუმცა შენი ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი ტოვებს თამაშების მესამედს - ეს პრობლემაა. იმედი მაქვს, რომას უფროსობა პაულოს თაობაზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა იტალიელმა ექს-ფორვარდმა. შეგახსენებთ, "ჯალოროსიში" გადმოსვლიდან დღემდე, არგენტინელმა შემტევმა ჩაატარა 66 მატჩი და გაიტანა 32 ბურთი.
"მგლების" თავდამსხმელის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ხშირი ტრავმიანობა და ამ მიზეზის გამო მან იტალიის დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ, 35 მატჩი გამოტოვა. პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, "წითლებმა" 30-წლის ფორვარდი შესაძლოა გაყიდონ. მსურველებს შორის არიან ბარსელონა, ასევე ინგლისური და არაბული კლუბები.