ბოლო 48 საათში სანდრო ტონალის გარშემო იტალიური მედია კიდევ ერთხელ ალაპარაკდა — რამდენიმე გამოცემის განცხადებით, იტალიელი ფეხბურთელი ნიუკასლში ბედნიერი არ არის და 2025 წელს, ინგლისის დატოვებას განიხილავს. იყო საუბრები მილანში პოტენციურ დაბრუნებაზე, ინტერისა და იუვენტუსის ინტერესზეც, რასაც ფეხბურთელის აგენტის განცხადება მოჰყვა.
"სანდრო სერია ა-ში დაბრუნებას ნამდვილად არ განიხილავს. ის ბედნიერია ნიუკასლში... ბედნიერია რომ თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში. სანდრო ნიუკასლის ფანებს ძალიან უყვართ, ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ყოველ მომენტში", - განაცხადა ჯუზეპე რიზომ.
ამ განცხადების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანდრო ტონალის იტალიაში დაბრუნება არ განიხილება. შესაბამისად, მილანზე, ინტერზე და იუვენტუსზე გავრცელებული ინფორმაცია, თავიდან ბოლომდე ჭორია.
სანდრო ტონალი ნიუკასლში 2023 წელს გადაბარგდა. ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.