ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი დატოვა! გუშინ, ქართველი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე ბოლოჯერ მივიდა და თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს დაემშვიდობა. 23 წლის ვინგერი პარიზში დღეს გვიან გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას კი ხვალ გაივლის.
ცნობილია როდის შედგება ქართველი ფეხბურთელის დებიუტი პარიზული გუნდის მაისურით — 25 იანვარი, ამ დღეს პსჟ საკუთარ კედლებში რეიმსს უმასპინძლებს. ამ მატჩამდე ლუის ენრიკეს გუნდი ორ შეხვედრას გამართავს, ლიგა 1-ის ეგიდით ლანსთან და ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან. ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილ ორ მატჩში ვერ დაეხმარება. კლუბებს განაცხადის შეცვლა მხოლოდ ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ შეუძლიათ. პსჟ ამ მომენტისთვის 25-ე პოზიციაზე იმყოფება და არის შანსი გუნდი პლეი-ოფის ზონაში ვერ მოხვდეს.
რაც შეეხება სათამაშო ნომერს. პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი 7 ნომერი თავისუფალია და თუ ფრანგულ პრესას დავუჯერებთ, ქართველი ფეხბურთელი დიდი ალბათობით სწორედ ამ ნომერს აირჩევს.
სტატიის ბოლოსკენ შეგახსენებთ კლუბებს შორის გარიგების დეტალებს. პარიზელებმა 23 წლის ვინგერის სანაცვლოდ €70 მილიონი + ბონუსები გადაიხადეს, ქართველი ფეხბურთელისთვის კი 4.5 წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება დაახლოებით €7-8 მილიონი იქნება.