
თანამედროვეობაში სპორტული დირექტორის, აღმასრულებელი დირექტორის, საფეხბურთო დირექტორისა და მთავარი მწვრთნელის სიმბიოზი წარმატების ქვაკუთხედია, ამას ვხედავთ, მაგრამ ბოლო პერიოდში სპორტულ დირექტორთა მზარდი ძალაუფლებით უკმაყოფილო ძველი ყაიდის მწვრთნელები წუწუნს უმატებენ. მაგალითად, ევერტონის დამრიგებელმა, დევიდ მოიესმა, The Overlap-ის პოდკასტში თქვა - წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ მძულს უნივერსიტეტში ფეხბურთნასწავლი ჰალსტუხიანი დირექტორებიო. მისთვის გარი ნევილი უკეთესი სპორტული დირექტორია, რადგან მისთვის მწვანე საფარის სურნელი და გასახდელის მუღამი მშრალ ფურცელთა მიღმაც ნაცნობია. სპორტულ დირექტორთა გლობალური მიმოხილვა შემდეგი შეხვედრისთვის შემოვინახოთ, ჩვენ კი სქაუზერებს დავუბრუნდეთ.
რიჩარდ ჰიუსამდე ლივერპულის სპორტულ დირექტორთა უკუქრონოლოგია ამგვარია: იორგ შმადტკე, ჯულიან უორდი და მაიკლ ედვარდსი - აქ სამწერტილი და რევერანსის ტონი გვჭირდება. გენიოსი, რომელმაც ლივერპული იურგენ კლოპთან ერთად ააღორძინა. მფლობელი მაიკლ ედვარდსი და იურგენ კლოპი - მოქმედებდნენ ისე, როგორც ერიხ მარია რემარკის სამი მეგობარი. ჰერ იურგენი ავანსცენაზე დატრიალებული საქმეები, კულისებში მაიკლ ედვარდსის რეჟისურის ნაყოფი გახლდათ, მფლობელი ჯონ ჰენრი კი ამ ყველაფერს პარტერის საუკეთესო ადგილიდან უმზერდა. „წითლებმა" ყველა შესაძლო ტიტულის მოგებასთან ერთად ბრწყინვალე ფინანსური რეზულტატიც გამოძერწეს. მაიკლ ედვარდსი კი ლუის დიასის დარი მოთამაშეების გაფორმებას 30-40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ახერხებდა. არავინ იცის მოლაპარაკების მაგიდასთან ედვარდსი ჰიპნოზს იყენებდა, თუ რის ხარჯზე იყოლიებდა სხვა გუნდის წარმომადგენლებს, მაგრამ ამ კაცმა ეპოქა შექმნა. სპორტული დირექტორობა მოსწყინდა და კლუბი ამიტომ დატოვა, მაგრამ იურგენ კლოპის განუსაზღვრელ ძალაუფლებასთან ჭიდილს ვერ შეეგუა და საკუთარი გზაც მონახა.

ერთი წლის წინ კლოპმა წასვლის გადაწყვეტილება რომ გაგვიმხილა, ბოსები ედვარდსს დაუკავშირდნენ, ხომ არ დაბრუნდებიო, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს. მარტში საქმე მაინც მოგვარდა, ოღონდ ედვარდსმა გაზრდილი როლი მიიღო - ლივერპულის მფლობელი კონსორციუმის, FSG-ის, პროექტის თავიკაცი გახდა, ყველა საფეხბურთო გადაწყვეტილების მიმღები. სპორტულ დირექტორად ედვარდსმა რიჩარდ ჰიუსის კანდიდატურა შეარჩია, რომელიც ბორნმუთის ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა და მეგობრის შეთავაზებას ყოყმანის გარეშე დათანხმდა.
ჰიუსი ყოფილი ფეხბურთელია, შოტლანდიის ნაკრებში ხუთი მატჩიც აქვს ჩატარებული და ბორნმუთშიც უთამაშია, ყველაფერი კი იტალიაში დაიწყო. მამამისის საქმიანობიდან გამომდინარე შოტლანდიელი მილანში აღიზარდა და ატალანტას განთქმულ აკადემიაში თამაშობდა. სხვათაშორის, როცა ფილიპო ინძაგი ატალანტას პირველ გუნდში ბურთაობდა, ჩეზარე პრანდელის მიერ გაწვრთნილ ატალანტას ახალგაზრდულს მთავარ გუნდთან ამხანაგურად თამაში, ჰიუსს კი ინძაგის პერსონალური მეურვეობა ხშირად უწევდა, რაც მისივე თქმით კარგად სრულდებოდა, რადგან ინძაგი, მხოლოდ სამი ბურთის გატანას ახერხებდა.
მოვყვეთ ზაფხულიდან, როცა შოტლანდიელმა პირველი ტრანსფერის დახურვა და რეალ სოსიედადიდან მარტინ სუბიმენდის გადაბირება სცადა. ფაბრიციო რომანომ, დევიდ ორნსტინმა და სხვა გავლენიანმა ჟურნალისტებმა ამბავი გაასაჯაროვეს და მაშინ, როცა მერსისაიდელთა ქომაგი ევროპის ჩემპიონის ფოტოს ლივერპულის მაისურით ხელში ელოდა, სუბიმენდიმ უარი თქვა და „წითლები" კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდნენ. 2018 წელს, როცა ჰიუსი ბორნმუთში მუშაობდა, კლუბის ოფიციალურ საიტს ერთი საინტერესო ინტერვიუ ჩაუწერა, სადაც დეტალურად აღგვიწერა ტრანსფერის გზა დაინტერესებიდან ფაბრიციო რომანოს HERE WE GO!-მდე. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად რთულ და კომპლექსურ ამბავზე მეკითხებით და ორი დღეც რომ მქონდეს მაინც ვერ გაგცემთ ამომწურავ პასუხს, თავად თუ არ ნახავთო. ლივერპულისთვის სამწუხაროდ, კომპლექსური პროცესი ჩაფლავდა, მაგრამ ინსაიდერებმა გვითხრეს, რომ რიჩარდ ჰიუსმა იდეალური სამუშაო გაწია, უბრალოდ მარტინ სუბიმენდის სანსებასტიანურმა რომანტიზმმა და კლუბისგან ფეხბურთელისადმი ზეწოლამ იდეალურად იმუშავაო.
იანვარი სრულდება და ლივერპული ყველა ფრონტზე ლიდერობს, პრემიერ ლიგაში 6 ქულა პლუს მატჩი მარაგში, ჩემპიონთა ლიგაზე სრული დომინაცია - უმარტივესად მოპოვებული 1/8 ფინალური საგზური, მაგრამ კონტრაქტების საკითხი არსად ქრება. მოჰამედ სალაჰის, ვირჯილ ვან დაიკისა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ხელშეკრულებები 6 თვეში იწურება და სასიკეთო ძვრა არცერთ ფრონტზე არ ჩანს, მაგრამ არსებობს გასათვალისწინებელი გარემოებები.


სრული მდუმარებაა სატრანსფერო ფანჯარაზე, არადა მარცხენა მცველის პოზიციაზე გუნდს საკმაოდ რთული ვითარება აქვს. სეზონის პირველ წრეში ტროას კედლებივით შეუვალმა ლივერპულურმა დაცვამ ცხენის გარეშე გაიჩინა ბზარები. პოლ ჯოისი, მელისა რედი და დევიდ ორნსტინი გვაუწყებენ, რომ კლუბის მთავარი პრიორიტეტი მარცხენა მცველის მოყვანაა, მაგრამ ზამთარში შესაბამისი კანდიდატი ვერ მონახესო. ქომაგი კი დაიღალა, რადგან ედვარდსის დროს ყველაფერი ისე გვარდებოდა, თითქოს გაფიქრებასა და ასრულებას შორის ინტერვალი წამიერი ყოფილიყო. სიმშვიდის საბაბი ისაა, რომ რიჩარდ ჰიუსი მაიკლ ედვარდსის უახლოესი მეგობარი და პროტეჟეა, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები აგვიანებს.
მომხდარა ისე, რომ გრანდში გადასულ მოთამაშეს ფრთები ვერ გაუშლია და უთქვამთ - მისი ხასიათი გრანდისთვის მზად არ იყოო, მაგრამ რამდენად ვრცელდება ეს სპორტულ დირექტორზე?! - მსჯელობა ბევრი მხრიდან შეგვიძლია, თუმცა, დრო მიდის, ტრანსფერები კი არ ჩანს.




















