ილია თოფურიას მარცხმა UFC-ში რამდენიმე ცვლილება გამოიწვია. საქართველოს ამ მომენტისთვის აღარ ჰყავს ჩემპიონი, რაც 2024 წლის იანვრის შემდეგ, პირველად მოხდა. როგორც გვახსოვს, "მატადორმა" მაშინ მოუგო ალექს ვოლკანოვსკის, რის შედეგადაც 66 კილოგრამ დივიზიონის ქამარი მოიპოვა.
რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტიტულის მფლობელი აღარ არის არცერთი მათგანი, ცხადია, ქამრის დაბრუნების შანსი ორივე ქართველ მებრძოლს ექნება. ასევე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მთავარ პრომოუშენს წაუგებელი ჩემპიონი აღარ ჰყავს.
არც ისე დიდი ხნის წინ, UFC-ში ასეთი იყო ორი - თოფურია და ხამზატ ჩიმაევი, თუმცა დღეს ტიტულის მფლობელები უკვე არიან ისეთი მებრძოლები, რომლებსაც წაგების გრაფაში 0 არ აქვთ. ბოლოს კი მე-3 ცვლილება: ილიას ზედიზედ მოგებათა სერია 9-ზე გაჩერდა. ცხადია, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ახლა "მატადორს" სჭირდება გამოჯანმრთელება, დასვენება და ახალი ძალებით დაბრუნება.
ნეიტრალური მაყურებლის გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, ქართველი მებრძოლი ახლა კარიერის ყველაზე საინტერესო პერიოდს გადის. რეაბილიტაციის შემდეგ, 29 წლის მსუბუქწონოსანს პირველად ვნახავთ ისეთ ამპლუაში, როცა მას ქამარი ექნება არა დასაცავი ან მოსაპოვებელი, არამედ დასაბრუნებელი.

















