
ალვეში განიხილებოდა იმ ფეხბურთელად, რომელიც პარის სენ-ჟერმენში გამარჯვებულის მენტალიტეტს შემოიტანდა. ბარსელონასთან ერთად, მას ჩემპიონთა ლიგა მოგებული ჰქონდა 3-ჯერ და ამის გარდა, ფინალამდე ის იუვესთან ერთადაც მივიდა. დანი პსჟ-სთვის ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ ევროპაში ტრიუმფისთვის ეს მაინც არ გამოდგა საკმარისი.

ბუფონსა და პარის სენ-ჟერმენს ერთი ტკივილი აერთიანებდათ - ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე არსებობა. მდგომარეობა არც ვეტერანი მეკარის გადმოსვლის შემდეგ შეიცვალა. ჯიჯი მოგვიანებით გაკვირვებული გაიხსენებს, თუ როგორ ვერ მოახერხა პსჟ-მ ასეთი ვარსკვლავური შემადგენლობით ევროპაში პირველობა.

კვარაცხელიამდე, პარის სენ-ჟერმენი ერთხელ უკვე იყო დაინტერესებული ნაპოლის მთავარი ვარსკვლავით, რომლის ტრანსფერი 64 მილიონი ევრო დაჯდა. კავანიმ პსჟ-ში დაამყარა არაერთი ინდივიდუალური რეკორდი, მათ შორის კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორობაც. მას მოგვიანებით კილიან მბაპემ გადაუსწრო.

დონარუმამ პარის სენ-ჟერმენში გადასვლით მილანის გულშემატკივრებს გული დასწყვიტა. ის იყო თავისი მშობლიური გუნდის საყვარელი ფეხბურთელი, მაგრამ უკეთესმა ფინანსურმა პირობებმა ყველაფერი გადაწონა. გასულ სეზონში ჯიჯო "როსონერის" ეთამაშებოდა მეტოქის რანგში და ქომაგებმა მას ძალიან ცივი და ამავდროულად ცინიკური, დახვედრაც მოუწყეს.

ინტერნაციონალეს სკუდეტოს მომტანი ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელის გაყიდვა ფინანსური კრიზის გამო მოუწია. ჰაკიმი ჯერ კიდევ დორტმუნდის ბორუსიაში ჩამოყალიბდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად, მილანურ კლუბსა და პარის სენ-ჟერმენში კი მან ეს სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა.

პარის სენ-ჟერმენის ისტორიაში ალბათ ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, მბაპეს შემდეგ. შეგიძლიათ უწოდოთ მას ლიგა 1-ის მეფე ან პირდაპირ ღმერთიც. იბრამ პსჟ-ში წარუშლელი კვალი დატოვა. დიახ, მასზე მეტი ბურთი ამ კლუბის მაისურით გატანილი აქვთ კავანისა და კილიანს, მაგრამ ზლატანი მაინც სხვა მოვლენა იყო.

კიდევ ერთი ვარსკვლავური ნეაპოლელი, რომელიც პარის სენ-ჟერმენში გადავიდა. ლავეცი ძალიან ეფექტური იყო როგორც სერია ა-ში, ისე ლიგა 1-შიც, მაგრამ დროთა განმავლობაში მან დემოტივაცია განიცადა. პსჟ-ში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ეზეკილმა მშვიდი სიბერის მოწყობა ჩინეთში გადაწყვიტა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი პარის სენ-ჟერმენის ისტორიაში. მარკინიოსმა ფრანგული გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 460-ზე მეტი მატჩი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. კორეა არის პსჟ-ს კაპიტანი და ლიდერი, რომელიც სეზონიდან სეზონამდე ცდილობს თავისი გუნდის ევროპულ წარმატებამდე მიყვანას.

მარკინიოსამდე ყველაფერ ზემოხსენებულს პარის სენ-ჟერმენში სილვა აკეთებდა. თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, რომლის კარიერა უმძიმესად დაიწყო: გაურკვეველი ტრანსფერი მოსკოვის დინამოში, შემდეგ კი ტუბერკულიოზი. ტიაგომ წარმატებით მოახდინა როგორც კარიერის, ისე ზოგადად ცხოვრების რეანიმირება და მან უმაღლეს დონეზე პსჟ-ს შემდეგაც ითამაშა.

მართალია, ვსაუბრობთ სერია ა-დან წამოსულ ფეხბურთელებზე, თუმცა ვერატის გარეშე ეს ტოპ 10-ეული სრულყოფილი ვერ იქნებოდა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მარკოს იტალიის უმაღლეს დივიზიონში არ აქვს ნათამაშები, მისი ტრანსფერი მოხდა მაშინ, როდესაც პესკარა სერია ბ-დან ახალი გადმოსული იყო. ბიუჯეტურ ფასად ნაყიდი უნიჭიერესი იტალიელი შუახაზელი პარის სენ-ჟერმენს 10 წელზე მეტხანს ერთგულად ემსახურა.


















