ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის მომდევნო კვირაში ოფიციალურად დატოვებს. ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს — მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს დღეებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც ფეხბურთელი პარიზში გაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტარქტს ხელს მოაწერს. 23 წლის ვინგერისთვის 4.5 წლიანი კონტრაქტი და სოლიდური ხელფასი გამზადებულია. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.
ამასობაში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, ამ გარიგების უკან სუპერაგენტი ჟორჟე მენდეში დგას, რომელიც სამივე მხარესთან თანამშრომლობს. გამოცდილი პორტუგალიელი შუამავალი, მხარეებს ტრანსფერის რაც შეიძლება მალე დახურვაში ეხმარება. მენდეში და პსჟ-ს უფროსობა, რომ წლებია თანამშრომლობენ, ეს ძველი ამბავია და ახლა, როგორც ჩანს, 59 წლის აგენტი კვარაცხელიას გარიგებაშიც იღებს მონაწილეობას.
ბოლო ინფორმაციით, პსჟ და ნაპოლი დაახლოებით €65-70 მილიონიან გარიგებაზე მუშაობენ. როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელის ფრანგულ გრანდში ტრანსფერი უბრალოდ დროის საკითხია.