მე-20 საუკუნეში, ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დამყარების პერიოდში სპორტი უმთავრესი ელემენტი გახდა სახელმწიფოებისთვის. მმართველებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ამ მიმართულების განვითარებას და ეს ნათლად ვიხილეთ არაერთ ოლიმპიადასა თუ სხვა სპორტულ შეჯიბრზე. ქართულ ვერსიაში ხშირად მოვისმენთ ფრაზას - სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე, მაგრამ ისტორიამ და აწმყომაც არაერთხელ გვაჩვენა, რომ სპორტი და პოლიტიკა განუყოფელი ნაწილია, რისი ნათელი მაგალითი პირველი მსოფლიო იმის მიმდინარეობისაც ვიხილეთ - პიერ დე კუბერტენმა 1916 წელს გადაწყვიტა, რომ პატრიოტული გრძნობები უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ოლიმპიური კოდექსი და გერმანელებთან საომრად გაემართა, საკუთარი პოსტი კი დროებით შვეიცარიელ გოდფრეი დე ბლონეს გადასცა.
ოლიმპიადას რომელიც ომების დიპლომატიურ ასპარეზზე გადასვლის პირველ გზად ითვლება, პროტესტის არაერთი ფორმა ახსოვს. ამ ჩანახატით გავიხსენოთ ოლიმპიური პროტესტის ისტორია.
1906 წელს ირლანდიელმა მძლეოსანმა პიტერ ო’კონორმა მონაწილეობა მიიღო ათენის თამაშებში, მაგრამ ახალი რეგულაციები აიძულებდა მას მონაწილეობა მიეღო დიდ ბრიტანეთის სახელით, რადგან ირლანდიას ჯერ არ გააჩნდა საკუთარი ოლიმპიური კომიტეტი. ბრიტანელ სპორტსმენი პროტესტის ნიშნად, სტადიონზე 20 ფუტიანი დროშის ბოძზე ავიდა ირლანდიის დროშის აღმართვის მიზნით. მწვანე დროშაზე გამოსახული იყო სიტყვები "Erin Go Bragh", რომელიც ირლანდიურიდან ითარგმნება როგორც ირლანდია სამუდამოდ/მარად.


ბელგიის ოლიმპიადა გახდა პირველი მკაფიო ნიშანი იმისა, რომ სპორტი პოლიტიკის უმთავრესი ელემენტი გახდა მე-20 საუკუნეში, 1920 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ოლიმპიადაზე არ მიიწვიეს პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყნები: გერმანია, ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი და ოსმალეთის იმპერია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროპული და დასავლური სახელმწიფოები. საბჭოთა რუსეთს არ სწყალობდნენ 30-იანი წლების შუა რიცხვებამდე.


ხმაურითა და მრავალმხრივი ბოიკოტით გამოირჩა 1956 წლის ავსტრალიაში გამართული ოლიმპიადა. მელბურნში გამგზავრებაზე უარი განაცხადა ჩინეთმა, რადგან ოლიმპიურმა კომიტეტმა არსებობაში პირველად ტაივანს საკუთარი სახელით დართო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება. ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა უნგრეთმა, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა საბჭოთა კავშირის უნგრეთში შეჭრის გამოო. სუეცის არხში განვითარებული კრიზისის გამო ოლიმპიადას განუდგა ეგვიპტე და მას მხარი დაუჭირა ერაყმა, ლიბანმა და კამბოჯამ.
1968 წლის მეხიკოს თამაშების დაწყებამდე სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჰარი ედვარდსი შავკანიანებს ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, ამერიკის საზოგადოებაში გამეფებული რასიზმისადმი პროტესტის ნიშნად. სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამთ, მაგრამ მისტერ ედვარდსის შერიგებამ შედეგი მაინც გამოიღო - ორმა აფროამერიკელმა მძლეოსანმა, ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა, დაჯილდოების ცერემონიაზე დროშას ზურგი აქციეს და ჰაერში აღმართული შეკრული მუშტებით, რომელზეც შავი ხელთათმანი ეკეთათ რასიზმი გააპროტესტეს. სპორტსმენებს აგრეთვე არ ეცვათ ფეხსაცმელები და თავები ჰქონდათ დახრილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათ სოლიდარობა გამოუცხადა კვარცხლბეკზე მყოფმა ვერცხლის პრიზიორმა ავსტრალიელმა პიტერ ნორმანმა. აფროამერიკელი სპორტსმენები სამუდამოდ მოკვეთეს ოლიმპიადებიდან, პირდაპირ მსგავსი სასჯელი არ მიუღია ავსტრალიელ მძლეოსანს, მაგრამ ნორმანისთვისაც ეს ბოლო ოლიმპიადა აღმოჩნდა, მას ავსტრალიის ფედერაცია აღარ სწყალობდა. წლების შემდეგ ისტორია გადაფასდა, სმიტს და კარლოსს თანასწორობისთვის ბრძოლა დაუფასდათ - სან ხოსეს უნივერსიტეტში დაიდგა მათი მუშტებაღმართული მონუმენტი.


ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ბოიკოტი ოლიმპიადების ისტორიაში კაცობრიობამ იხილა 1980 წელს, საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარებულ ოლიმპიადაზე. მოსკოვის თამაშების დაწყებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს ქვეყნებს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა. მიზეზი წინა წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრა გახლდათ. ბოიკოტს სამოცზე მეტი ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის კანადა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იაპონია, ჩინეთი, ნორვეგია. ზოგიერთი იმ ქვეყნის დელეგაციამ, რომელიც ბოიკოტს არ შეუერთდა, პროტესტი უშუალოდ თამაშებზე გამოხატა სხვადასხვა ფორმით: ათამდე დელეგაცია საერთოდ არ გამოვიდა გახსნის აღლუმზე. ხოლო სპორტსმენების ნაწილი არა სახელმწიფო დროშის ქვეშ, არამედ ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ გამოვიდნენ როგორც ოლიმპიადის გახსნაზე, ასევე შეჯიბრებებზე.

4 წლის შემდეგ, ლოს ანჯელესში ჩატარებულ ოლიმპიადას ამჯერად ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოთა კავშირმა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების უმრავლესობაც აიყოლია, ეს იყო ერთგვარი რევანში და პოლიტიკური სვლა ორ ბანაკს შორის, რომელიც ცივი ომის მიმდინარეობისას ებრძოდა ერთმანეთს.
2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე, ეთიოპიელმა მძლეოსანმა ფეისა ლილესამ ფინიშის ხაზზე მისვლისას ხელები გადააჯვარედინა, რითაც მთელს მსოფლიოს მოუწოდა ეთიოპიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დაინტერესებულიყვნენ. სპორტსმენმა შიშობდა, რომ ეს პოლიტიკური ჟესტი შესაძლოა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. მაინც გარისკა - მთელ მსოფლიოს მშობლიურ რეგიონ ორომიაში მცხოვრები ხალხის ტკივილი გააცნო. ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი ათწლეულია ცენტრალური ხელისუფლებისგან ჩაგვრასა და შევიწროებას განიცდის, მშვიდობიანი აქციებს კი არაერთი მომიტინგე ემსხვერპლა ხელისუფლების მიერ ძალის გადაჭარბებისა და მომიტინგეების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ქმედების გამო.

ჩვენ მიერ მიმოხილული ისტორიები და მაგალითები ნათლად გვაჩვენებს, სპორტის როლს თანამედროვე სამყაროში. სპორტსმენების მიერ გაჟღერებული სიტყვებს შეუფასებლად დიდი იმპულსის შექმნა შეუძლია პროტესტის გავრცელებისა და დემოკრატიული, ჯანსაღი, თანასწორუფლებიანი სამყაროს აშენებაში. შესაძლოა კონკრეტული ჟესტი ან პროტესტის სხვა ფორმა იმ მომენტში საფრთხის შემცველიც კი იყოს და მთავრობებს არ ეხამუშებოდეთ. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის სახელს უჩენს და აუცილებლად ფასდება. მუშტები რომ არ შეეკრათ, ტომი სმიტი და ჯონ კარლოსი, ალბათ, კიდევ ბევრ მედალს მოიგებდნენ, მაგრამ მათი ქმედება ბევრად დიდებულად დარჩა მსოფლიო სპორტისა და თანასწორობის ბრძოლის ისტორიაში, იმაზე დიდებულად ვიდრე 5 ოქრო და 3 ბრინჯაოა....















