ამ მატჩს წინ უძღოდა გამძაფრებული პოლიტიკური ვითარება რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს დაძაბულობა ვერც შევარდნაძისა და პუტინის ჩიმბულაკში შეხვედრით მოიხსნა, პირიქით, უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. ამ პერიოდში ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით იბომბებოდა ჩეჩნეთის ტერიტორია. ერთ დღესაც რუსული თვითმფრინავების ნასროლი ბომბები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. „სულ შემთხვევით”. აი ასე, ასეთ ვითარებაში დავხვდით რუსეთს და ფეხბურთელებიდან დაწყებული, მწვრთნელებით გაგრძელებული და ჩამოსული დელეგატებით დამთავრებული, ყველა საუბრობდა არსებულ ვითარებაზე, საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიტიკა გვერდზე უნდა გავწიოთ - მეზობლები ვართ ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთო! მატჩი მესხზე გაიმართა, ფრთხილი თამაშით დაიწყო და როგორც გაგრძელდა ყველას კარგად ახსოვს, ტაიმის მიწურულს შუქი გამოირთო. უკვე ვწერდით 2001 წლის სექტემბრის თამაშებზე, სადაც რუსეთთან მატჩის რეპეტიცია ვახსენეთ, მესხზე სავარჯიშოდ გასულ უნგრელებს ჩაუქრათ შუქი. ასე რომ, განათების პრობლემა ამ სტადიონზე ადრეც ყოფილა.

2005 წლის 8 ოქტომბერი - საქართველო vs ყაზახეთი
საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში მე-6 ადგილზე გავიდა 10 ქულით, ყაზახეთი მე-7 იყო ერთი ქულით და ის ერთი ქულა სწორედ საქართველოსთან აიღო, მიხეილ მესხზე. ჯგუფის ზედა ნაწილში კი დიდი ბრძოლა მიდიოდა უკრაინას, თურქეთს, საბერძნეთსა და დანიას შორის. სადღაც შუა ნაწილში საქართველომ მიზნად დაისახა ალბანეთისთვის მაინც ეჯობნა, მაგრამ ვერ აჯობა. ცუდი დრო იყო, ცუდი გასახსენებელია.
2011 წლის, 11 ოქტომბერი - საქართველო - საბერძნეთი
ეს თემურ ქეცბაიას პირველი მცდელობა იყო, რომელიც მშვენივრად დაიწყო და ცუდად დაამთავრა. ციკლის დასაწყისში დიდი იმედი გაჩნდა, ისეთი იმედი, როგორიც წლების განმავლობაში არ ჰქონია ქართველ ქომაგს, ჯგუფის მიწურულს კი ეს იმედები დაიკარგა და ვერც დიდად მოსაწონი ადგილი გვერგო. კარგი მატჩი იყო, სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებმა მშვენივრად ითამაშა და თარგამაძემ გახსნა კიდეც ანგარიში, მაგრამ ნაკრები, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა - 1:2. ის იშვიათი მატჩი იყო, რომელშიც ქეცბაიას გუნდმა შემტევი, დალაგებული და კარგი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა დავით თარგამაძემ, რომელიც შეგვიძლია დაკარგული ტალანტების სიას მივაკუთვნოთ. უკრაინაში თამაშის დროს ჯერ ქვეყანა აირია, მერე მისი საქმეც ცუდად წავიდა და ასე ნაადრევად დაასრულა კარეირა. არადა, ჯერ კიდევ ასაკობრივ ნაკრებებში ლევან ყენიასთან ერთად ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. ქეცბაიას ნაკრებმა ჯგუფში ბოლოს წინა, მე-5 ადგილი დაიკავა.

2023 წელი, 12 ოქტომბერი - საქართველო vs ტაილანდი
შოტლანდიასთან, ესპანეთთან და ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ ფედერაციამ იმ ნაკრების ძებნა დაიწყო, რომელსაც საქართველო დიდი სხვაობით დაამარცხებდა. ეს სწორი გათვლა იყო, გუნდს ხასიათზე მოსვლა სჭირდებოდა, ქომაგს კიდევ სიხარული. ჰოდა, რეკორდული მატჩი ვიხილეთ - საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი 8:0 დაამარცხა. მონღოლეთთან მატჩისა არ იყოს, ამასაც ბევრი ხუმრობა მოჰყვა და თამაშიც ასე სახალისოდ წარიმართა. აღსანიშნავია ჟორჟ მიქაუტაძის პოკერი, ეს რეკორდული მაჩენებელია ნაკრებში, აქამდე არავის გაუტანია ერთ თამაშში ოთხი გოლი. გარდა მიქაუტაძისა, დუბლი შეასრულა ზურიკო დავითაშვილმა, თითო გოლი შეაგდეს ლუკა ლოჩოშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ.

2023 წელი, 15 ოქტომბერი - საქართველო vs კვიპროსი
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. პირველი ტაიმი ასე თუ ისე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მეორეში კი ქართველებმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს. თავი გამოიჩინეს კიტეიშვილმა, კვარაცხელიამ, შენგელიამ და მიქაუტაძემ. სანიოლის ნაკრებმა ბოლოს წინა - მე-4 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ქეცბაიას კვიპროსს აჯობა. საქართველოს ნაკრებზე წინ იყვნენ ნორვეგია, შოტლანდია და ესპანეთი. თუმცა, ამაზე დიდად არავის უნერვიულია, რადგან ნაკრების იმედი ერთა ლიგა იყო, სადაც გამოიყენა კიდეც ბოძებული შანსი და ასე ნანატრ ევროპის ჩემპიონატზეც წავიდა. აი, იქედან კიდევ სულ სხვა ისტორია იწყება.
ავტორი: ფეოლა















