ოფიციალურად - გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოდან კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში, კერძოდ ულსან ჰიუნდაიში გააგრძელებს. ქართულ კლუბსა და სამხრეთ კორეის K ლიგის ჩემპიონ გუნდს შორის შეთანხმება, რამდენიმე კვირის წინ შედგა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ტორპედომ 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, გარკვეული ოდენობის თანხა მიიღო.
"ვიცი, რომ ამ ჩემპიონატში ბევრ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ვიცი, რომ ვაკო, რომელიც გასულ სეზონამდე ულსანის ფეხბურთელი იყო, გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს გრძნობდა და კარგ თამაშს აჩვენებდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ მოტივაციას მაძლევს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენო ის ფეხბურთი, რომლითაც მაყურებელს გავახარებ. ჩემი საბოლოო მიზანი კარგად ადაპტაცია და შემდგომი ზრდაა. მინდა, რომ გუნდის გამარჯვებაში წვლილი მეც შევიტანო", - გიორგი არაბიძე.
ცნობისთვის, გიორგი არაბიძე ულსან ჰიუნდაის ახალი 9 ნომერი იქნება.