იმის მიუხედავად, რომ ტოპ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, ბაზარზე ბევრი საინტერესო თავისუფალი აგენტი მაინც რჩება — ამ სიაში იყო ანტონი მარსიალიც, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედი 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. 28 წლის ფრანგ შემტევს არაერთ გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა ყველას ბერძნულმა აეკმა აჯობა.
ფრანგმა ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედში 317 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 90 გოლი და 47 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. მხარეებმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადეს, რის შედეგადაც მარსიალმა "წითელი ეშმაკები" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მარსიალის დამატებას ფლამენგოც განიხილავდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი ბერძნულ კლუბზე გააკეთა.