ტიაგო მოტას აგენტმა, დარიო კანოვიმ ნაპოლის შესახებ ისაუბრა. მან მწვავედ გააკრიტიკა კლუბში არსებული მდგომარეობა, კერძოდ კი აურელიო დე ლაურენტისის მიდგომა. იტალიელი აგენტის აზრით, "პარტენოპეიში" არცერთი მაღალი დონის სპეციალისტი არ მივა იმ დრომდე, სანამ კლუბის პრეზიდენტი მწვრთნელის საქმეებშიც ჩაერევა.
"რატომ არ კითხულობთ სპალეტის საჩემპიონო ნაპოლიდან წასვლის მიზეზს? დაფიქრდით და თავადაც მიხვდებით. ნამდვილად რთულია ასეთ პირობებში მუშაობა. "პარტენოპეიში" არცერთი მაღალი დონის სპეციალისტი არ მივა. შეუძლებელია საქმის გაკეთება ისეთ ვითარებაში, როცა კლუბის პრეზიდენტი ყველაფერში ერევა.
რა აზრი აქვს მუშაობას, თუ დე ლაურენტისი ყველაფერს მაინც თავისებურად გააკეთებს. აქედან გამომდინარე, "აძურიში" კარგი მწვრთნელის მოსვლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. დიახ, "ლურჯებში" არც კონტე მოვა", - განაცხადა კანოვიმ.
შეგახსენებთ, რომ კლუბში ამ სეზონზე უკვე 3-მა თავკაცმა იმუშავა. რუდი გარსია ჩაანაცვლა ვალტერ მაძარიმ, ეს უკანასკნელი კი ფრანჩესკო კალცონამ.