ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, იტალიური პრესა რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ ალაპარაკდა. ბოლო საათებში გავრცელდა ინფორმაცია ფიკაიო ტომორის თაობაზე, რომელმაც დიდი შანსია მილანი იანვარში დატოვოს. ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და თამამდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ როტაციის ფეხბურთელად იქცა, თუმცა ამის მიუხედავად, მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.
იუვენტუსი, ნიუკასლი, ვესტ ჰემი და ასტონ ვილა — დიახ, ოთხივე გუნდი საქმეშია და დიდი შანსია უახლოეს კვირებში დიდი აუქციონიც ვიხილოთ. მილანში მომავალ წელს დიდი ცვლილებებია დაანონსებული, გუნდმა ტრანსფერზე რამდენიმე ფეხბურთელი დააყენა და არის შანსი წამსვლელთა სიაში ფიკაიო ტომორიც მოხვდეს. ზემოთ ხსენებული გუნდების ინტერესი რეალური და დადასტურებულია.
ინგლისელ ცენტრალურ მცველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, მისი სატრანსფერო ფასი არც ისე დაბალია. მილანური გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ €25-30 მილიონს ითხოვს. უახლოეს კვირებში ფიკაიო ტომორის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.