ტიაგო მოტას აგენტმა, დარიო კანობიმ ვიქტორ ოსიმენის მომავლის შესახებ ისაუბრა. მისი ვარაუდით, კილიან მბაპეს მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ, პარის სენ-ჟერმენი მის შემცვლელად სწორედ ნიგერიელ ფორვარდს დაიმატებს. შეგახსენებთ, მის სახელს ასევე უკავშირებენ ორ ლონდონურ კლუბს, არსენალსა და ჩელსის.
"ჩემი აზრით, ოსიმენი პარის სენ-ჟერმენში გადავა. ეს იქნებოდა ყველაზე ლოგიკური ვარიანტი, მას შემდეგ, რაც მბაპეს რეალში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. კილიანი უკვე დიდი ხანია მადრიდის მოთამაშეა, უბრალოდ ამას გვიმალავენ. დარწმუნებული ვარ, პსჟ-ს შემცვლელიც შერჩეული ჰყავს", - განაცხადა იტალიელმა აგენტმა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ნიგერიელ თავდამსხმელს 130 მილიონ ევროდ აფასებს. ფეხბურთელის მოსალოდნელი წასვლა დაადასტურა აურელიო დე ლაურენტისმაც, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მისი კლუბის ფორვარდი ზაფხულში გაიყიდება. თავად "პარტენოპეის" შემტევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.