მანჩესტერ იუნაიტედში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან კლუბის გეგმებში და ვინ დატოვებს ოლდ ტრაფორდს სეზონის ბოლოს, თუმცა ახლა მათზე არ ვისაუბრებთ, არამედ მოგიყვებით "წითელი ეშმაკების" ზაფხულის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეზე.
რუბენ ამორიმს მისი ყოფილი შეგირდისა და სპორტინგის ამჟამინდელი კაპიტნის მორტენ ჰიუმლანდის დამატება სურს. პორტუგალიელი სპეციალისტი ახალ ნახევარმცველს ეძებს, რადგან სეზონის ბოლოს გუნდს კაზემირო და კრისტიან ერიქსენი დატოვებენ. ასევე გასარკვევია კობი მეინუს მომავალიც.
მორტენ ჰიუმლანდი სპორტინგის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. დანიელმა ფეხბურთელმა ამ დროში 87 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა. 25 წლის ფეხბურთელმა სპორტინგთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონობაც იზეიმა.
სპორტინგს გუნდის ლიდერის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი ჰიუმლანდის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის, პორტუგალიელები ფეხბურთელს გაუშვებენ. "ლომები" დანიელ ნახევარმცველს მინიმუმ €50 მილიონად აფასებენ.
შეგახსენებთ, სპორტინგმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი უკვე გაიფორმა. 25 წლის ფეხბურთელი და მორტენ ჰიუმლანდი ერთ პოზიციაზე თამაშობენ, შესაბამისად, არის შანსი სპორტინგმა გუნდის კაპიტანი შედარებით მარტივად გაუშვას, რადგან მისი შემცვლელი გუნდმა უკვე შეარჩია.