24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა.
ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 32 წლის ქონთენდერი სატიტულო ბრძოლას იმსახურებს სხვებზე მეტად, რადგან ის დაუმარცხებელია, თუმცა მას არც კრიტიკოსები აკლია. უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზია ჩრდილოეთ კავკასიელის მოსაწყენი ჩხუბის სტილი, რომელიც მხოლოდ დისიჟენით მოგებაზეა გათვლილი.
ევლოევი ერთადერთი ქონთენდერია UFC-ის ისტორიაში, ვინც სატიტულო ბრძოლა მიიღო ისე, რომ ერთ მეტოქესთანაც კი არ ჰქონია ვადამდელი გამარჯვება. თავად განსაჯეთ: 10/10 მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში, მაგრამ ყველა ჩხუბი ინგუშმა მებრძოლმა მოიგო სწორედ დისიჟენით, თანაც ლერონ მერფისა და ნიკ ლენცთან დუელებში გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა.
MMA-ს მოყვარულებმა გაიხსენეს ილია თოფურია, ვისაც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჰქონდა ვადამდელი და სანახაობრივი გამარჯვებების მთელი სერია, თანაც, ისეთ ლეგენდარულ მებრძოლებთან, როგორებიც არიან "დიდებული" და მაქს ჰოლოუეი. შეგახსენებთ, მათთან მოგებების შემდეგ, ქართველი 70 კგ-ში ავიდა.
ბევრი თვლის, რომ მოვსარმა მადლობა უნდა გადაუხადოს სწორედ "ელ მატადორს", რადგან ქვემსუბუქ დივიზიონში დარჩენის შემთხვევაში, ამჟამინდელი ნ1 ქონთენდერი რიგში კიდევ დიდხანს იქნებოდა. ჩრდილოეთ კავკასიელ მებრძოლზე საუბრობენ იმასაც, რომ ქამარზე ჩხუბის ფაქტი მიუთითებს არა მის სიძლიერეზე, არამედ 66 კგ-ში არსებულ დაბალ კონკურენციაზე.
ერთი სიტყვით, 32 წლის ქონთენდერს არ აკლია კრიტიკოსები და მათი დადუმების ერთადერთი საშუალება იქნება ავსტრალიელი ჩემპიონის დამარცხება, თანაც, ფინიშით. ცხადია, ეს არაა მარტივი...მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში 38 წლის ლეგენდა გაუთიშია მხოლოდ 2 მებრძოლს: ისლამ მახაჩევსა და თოფურიას.

















