ლა ლიგის ახალი სეზონის მთავარი აღმოჩენა - ლა კორუნიის დეპორტივო და მისი ვეტერანი ახალწვეული, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ვინც უკვე ხუთი ტურია, რაც მოედანს შედეგიანი ქმედების გარეშე არ ტოვებს. 5 ბურთი 2 ასისტი...ასეთია გაბონელი ფორვარდის მონაგარი, რომელსაც პრიმერა დივიზიონში ამ მომენტში მხოლოდ რაფინია ბელოლი (6+3) უსწრებს.
გალისიური გუნდის ლიდერს სრულფასოვანი ბენეფისი ჰქონდა ლა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალის წინააღმდეგ, სადაც მან შეხვედრის მიწურულს შეაგდო 3 ქულის მომტანი ბურთი, იქამდე კი 2 ასისტიც გაიფორმა. რიასორის მკვიდრებმა ის თამაში სტუმრად 3:2 მოიგეს. დიახ, ანტონიო იდალგოს გუნდის მე-7 ნომერმა მონაწილეობა ყველა გოლში მიიღო.
"სუბმარინას" გარდა, 37 წლის თავდამსხმელმა ასევე გაუტანა ვალენსიას, ხეტაფეს, მალაგასა და ელჩეს. წინ, დეპორტივოს გზაზე სევილია არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ობას ლა კორუნიაში მისვლა შეიძლებოდა არ შემდგარიყო საერთოდაც, რადგან მარსელის ოლიმპიკიდან წასვლის შემდეგ ის თავიდან თურქეთის ლიგის მკვიდრ ჩორუმს შეუთანხმდა.
ტრანსფერი ჩაიშალა იმის გამო, რომ გაბონელმა თავდამსხმელმა მოითხოვა ორი სახლი - ერთი უშუალოდ ქალაქში, სადაც ბინადრობს კლუბი, მეორე კი სტამბოლში. ამის შემდეგ, პიერზე გავიდა იდალგო, რომელმაც დაარწმუნა ვარსკვლავური ფორვარდი იმაში, რომ პენსიაზე გასვლა მისთვის ნაადრევია.
ბარსელონას ყოფილი თავდამსხმელი დაეთანხმა ესპანელ მწვრთნელს და გალისიურ გუნდს შეუერთდა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მთავარი იყო სპორტული ინტერესი და არა ფული. კატალონიაში გატარებული ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, რიასორის მკვიდრთა ამჟამინდელ მე-7 ნომერს პრიმერაში დაბრუნების სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს.
37 წლის თავდამსხმელმა მიიღო ის, რაზეც მთელი ამ წლების განმავლობაში ოცნებობდა. მის მხრებზეა ისტორიული გუნდი, რომელიც 1990-იანი წლების მიწურულსა და 2000-იანების დასაწყისში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რთული სათქმელია, ვიხილავთ თუ არა დეპორს ასეთ მძლავრს ოდესმე კიდევ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ობასთან ერთად, შეუძლებელი არაფერია.













