ნაპოლის უფროსობა და ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებენ. "პარტენოპეის" სპორტული დირექტორის განცხადების მიუხედავად, მხარეები უკვე რამდენიმე თვეა რაც ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჯოვანი მანას თქმით, ქართველ ფეხბურთელს ნაპოლიში დარჩენა სურს და ორივე მხარის დიდი სურვილია, ახალი ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე გაფორმდეს.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მხარეებმა ახალი შეხვედრა ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაგეგმეს, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში დაბრუნდება. უახლოეს კვირებში ნეაპოლში ჩაფრინდება ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელიც, რა დროსაც მხარეები მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავენ.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ნაპოლი ქართველ ფეხბურთელს ახალ, 5-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით €6 მილიონს სთავაზობს (ბონუსების ჩათვლით). ხვიჩა კვარაცხელია ამ შეთავაზებას თუ დათანხმდება, ის რომელუ ლუკაკუსთან ერთად, გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, განიხილება თუ არა კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერა.
იტალიური კლუბის წარმომადგენლები იმედიანად არიან განწყობილი და სჯერათ, რომ წლის ბოლომდე მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.