იტალიური პრესა საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს — კლაუდიო რანიერი დიდი შანსია ფეხბურთს დაუბრუნდეს. ვეტერანი იტალიელი სპეციალისტი და რომა მოლაპარაკებებს აწარმოებენ! "ჯალოროსი" 73 წლის სპეციალისტის აგენტს დაახლოებით 48 საათის წინ დაუკავშირდა.
რანიერი გუშინ ღამით ლონდონში გაფრინდა, სადაც რომას მფლობელებს, ფრიდკინების ოჯახს შეხვდა. იმის მიუხედავად, რომ იტალიელმა 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, კლაუდიო როგორც ჩანს მზადაა მისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ კლუბში, კიდევ ერთხელ დაბრუნდეს და ჩაგდებული სეზონი გადაარჩინოს.
რომამ ივან იურიჩი უიქენდზე გაუშვა — ხორვატის პოზიციაზე დაახლოებით 5-6 მწვრთნელი განიხილებოდა, მათ შორის ფრენკ ლაპმარდი და რუდი გარსია, თუმცა როგორც ჩანს უფროსობამ არჩევანი გამოცდილ და მათთვის ნაცნობ კადრზე შეაჩერა.
რანიერის რომაში ორჯერ უკვე უმუშავია, კერძოდ 2009-დან 2011 წლამდე და 2018/2019 სეზონის მიწურულს. ახლა კი იტალიელი "ჯალოროსიში" მესამედ დაბრუნებასთანაა ახლოს. ბოლო მომენტში მხარეებს შორის რამე თუ არ შეიცვალა, რომა ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს 48 საათში წარადგენს.