უნდა ითქვას, რომ ფლორენციელებს დიდი გამარჯვებების გემო კარგა ხანია დავიწყებოდათ, თუმცა ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს უცვლელად ასპარეზობდნენ სერია A-ში. მარიოსა და (1993 წელს გარდაიცვალა მარიო ჩეკი გორი) მისი შვილის - ვიტორიოს საფეხბურთო გატაცება არც თუ წარმატებით დაიწყო. 1993-1994 წლების სეზონი ფიორენტინამ ,,ბატიგოლთან“ ერთად სერია B-ში გაატარა, თუმცა მეორე წელსვე სერია A-ში გადმოვიდა და ტიტულებისთვის ბრძოლა დაიწყო. 1994-95 წლების სეზონში „ბატიგოლი" ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ხოლო მომდევნო სეზონში, - პირველად 20 წლის შემდეგ - ,,სკუადრა ვიოლამ“ კოპა იტალია მოიგო. გაბრიელ ბატისტუტა, როგორც ყოველთვის, მთავარი არტისტი იყო გორების საფეხბურთო ეკრანებზე. ფინალურ მატჩში ატალანტას წინააღმდეგ ,,ბატიგოლმა“ როგორც საშინაო, ასევე გასვლით შეხვედრაში შეაგდო და ფლორენციელების სანუკვარ ოცნებას ხორცი შეასხა.


უნდა აღინიშნოს, რომ გორების დინასტიის საფეხბურთო და კინო წარმატება დროში ერთმანეთს დაემთხვა. ფილმს ,,ცხოვრება მშვენიერია“ წინ უსწრებდა იმ პერიოდის ფიორენტინას ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო სპექტაკლი, იტალიის ჩემპიონსა და 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან - ვარსკვლავურ მილანთან. ეს შეხვედრა ახალგაზრდა „ბატიგოლის" ბენეფისად იქცა. 1996 წელს სან სიროზე კლაუდიო რანიერის თავკაცობით ფიორენტინა იტალიის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო „ბატიგოლის" პირველმა გოლმა, ლეგენდარული ფრანკო ბარეზი საბოლოოდ მიახვედრა, რომ ასაკთან ბრძოლაში უკვე დამარცხებულიყო და ბუცები ლურსმანზე უნდა ჩამოეკიდა. არადა, ოსკარ ტაბარესის გაწვრთნილ მილანში იმ დროს ამომავალი თუ უკვე შემდგარი ვარსკვლავების მთელი პლეადა თამაშობდა, მათ შორის იყვნენ: ჟორჟ ვეა, ალესანდრო კოსტაკურტა, პაოლო მალდინი, მარსელ დესაი, ზვონიმირ ბობანი და სხვები.

ვიტორიო ჩეკი გორის უკვე ბიზნესად ფორმირებული საფეხბურთო გატაცების გვირგვინი 1998-99 წლების სეზონი უნდა ყოფილიყო, რომელიც ბრწყინვალედ დაიწყო არცთუ ვარსკვლავურმა, თუმცა კარგად დაბალანსებულმა ,,სკუადრა ვიოლამ“. რუი კოშტას, გაბრიელ ბატისტუტასა და ედმუნდოს საინტერესო ტრიოს ლიდერობით და ლეგენდარული ჯოვანი ტრაპატონის მწვრთნელობით. თუმცა, 1999 წლის მარტში, სეზონის პიკზე ,,ბატიგოლის“ მუხლის ტრავმამ და ერთთვიანმა იძულებითმა დასვენებამ სკუდეტოზე ფლორენციელთა ოცნება დაასამარა. საბოლოოდ, ფიორენტინამ მე-3 ადგილი დაიკავა და „ბატიგოლის" შოუმ სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე გადაინაცვლა. ლიგაზე ,,სკუადრა ვიოლა“ ტოლსწორად ეთამაშა ისეთ გუნდებს, როგორებიც არსენალი, ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი იყვნენ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ფლორენციელთა ცნობადობა. ამავე სეზონში ფიორენტინამ იტალიის თასის ფინალს მიაღწია, თუმცა ორი მატჩის ჯამში ამომავალი ვარსკვლავების გუნდ პარმასთან დამარცხდა. ეს იყო ბატისტუტას ფიორენტინას ბოლო და ყველაზე დიდი გაბრწყინება, იტალიის თასისა და სუპერთასის მოპოვების ჩათვლით. ბატიგოლის რომაში გადასვლის შემდეგ, გორების დინასტიამ უკანასკნელი - მესამე ტიტული 2000-01 წლებში მოიპოვა, ,კოპა იტალიის სახით. ამავე სეზონში ფიორენტინა ბრწყინვალე შეტევით პოტენციალს ინარჩუნებდა რუი კოშტას, ენრიკო კიეზასა და ნუნუ გომეშის ლიდერობით. აღნიშნული გამარჯვებიდან მალევე გორების დინასტია ფიორენტინას ჩამოშორდა, კლუბი გაკოტრებულად გამოცხადდა და დაიწყო კიდევ ერთი კრიზისი - დაქვეითება სერია C-ში, რომელიც, თავის მხრივ ახალი ისტორიის დასაწყისია.

ვიტორიო ჩეკი გორი სკანდალური პიროვნება იყო. კინოსა და ფეხბურთთან ერთად, მას პოლიტიკაც აინტერესებდა და საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახის ფინანსურ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. 2020 წელს ფინანსური და სხვა ტიპის დანაშაულების გამო 77 წლის ასაკში 8 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. თუმცა, ჰოსპიტალში მყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, კორონავირუსის პანდემიისა და დიდი ასაკის ფაქტორების გათვალისწინებით სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.
მარიო და ვიტორიო ჩეკი გორები კი სილვიო ბერლუსკონისთან და სხვა დიდ იტალიურ ოჯახებთან ერთად 80-იანი წლების იტალიური საზოგადოების პროდუქტს წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ კულტურული, სპორტული, ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის კლასიკური წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა სფეროს მართვის სადავეებთან იდგნენ და ისტორიული წრებრუნვის ციკლს იმეორებდნენ - რომის იმპერიიდან დღემდე. ამ ციკლის გულისგულში კი მოთავსებულია ყველა ეპოქის მმართველთათვის მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი ,,პურისა და სანახაობის“ კონცეფცია.
ავტორი: გიორგი აბდუშელიშვილი















