ჯენოას წლევანდელი სეზონი საკმაოდ დადებითად უნდა შეფასდეს, წარმატების მთავარი გასაღები კი მთავარი მწვრთნელი, ალბერტო ჯილარდინო და გუნდის შემტევი ნახევარმცველი, ალბერტ გუდმუნდსონი არიან. 26 წლის ისლანდიელი ამ სეზონში არა მხოლოდ "როსობლუს", არამედ მთელი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. გუდმუნდსონის ანგარიშზე 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რაც საკმაოდ სოლიდური სტატისტიკაა.
იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელმა ჯენოასთან ახალი კონტრაქტი ნოემბერში გააფორმა, ისლანდიელი ზაფხულში სხვა კლუბში გადასვლას მაინც განიხილავს. დაინტერესებულები კი ტოპ გუნდები არიან: იუვენტუსი, ინტერი, ნაპოლი და პრემიერ ლიგის წარმომადგენლები. ამ მომენტისთვის მხოლოდ იუვენტუსია ის გუნდი, რომელიც ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა.
გუდმუნდსონმა კი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სურვილები არ დამალა და პრესას თავის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:
"მინდა გამოვცადო ჩემი თავი ტოპ დონეზე, ეს ყოველთვის ჩემი ამბიცია იყო. ბავშვობიდან სულ ვფიქრობდი პრემიერ ლიგაში თამაშზე, ასე რომ, ცხადია, ამ ჩემპიონატში თამაშზე ახლაც ვფიქრობ, თუმცა ჯერ არ ვიცი რა მოხდება ზაფხულში, ჯენოასთან გრძელვადიანი კონტრაქტი მაქვს."
როგორც ჩანს, გუდმუნდსონი მომდევნო ნაბიჯისთვის მზადაა, დანარჩენი კი ზაფხულში გაირკვევა, რადგან ჯენოა ფეხბურთელს მარტივად არ შეელევა. ისლანდიელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით €30-35 მილიონია.