მას შემდეგ, რაც მილანმა ჯოშუა ზირკზეს დამატება ვერ მოახერხა, "როსონერი" თავიდან ბოლომდე ალვარო მორატას კანდიდატურაზე გადაერთო. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც გუნდში მენეჯერის როლს ასრულებს, ბოლო დღეების განმავლობაში გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს და როგორც იტალიურ პრესაში იწერება, მხარეები საბოლოო შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს არიან.
მილანი მზადაა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა €13 მილიონი გადაიხადოს, ხოლო ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში მინიმუმ €5 მილიონი დაუნიშნოს — "როსონერი" 31 წლის ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ესპანური პრესის ინფორმაციით, მორატა ატლეტიკოს დატოვებას სერიოზულად განიხილავს, იტალიაში დაბრუნება კი მისთვის მისაღები ვარიანტია.
მორატა ევრო 2024-ზე ასპარეზობას აგრძელებს, სულ რამდენიმე საათის წინ, მისმა ესპანეთმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ფინალში გასვლა მოახერხა, შესაბამისად, ზლატანს კიდევ რამდენიმე დღით მოცდა მოუწევს. ალვარო იტალიურ გრანდს საბოლოო პასუხს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეტყვის, თუმცა ორივე მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი, მილანში სჯერათ, რომ ტრანსფერი აუცილებლად დაიხურება.