მენდიეტას შედევრი
სამეფო თასზე კი ვალენსიასთან მოეცარათ ხელი. ეს კლაუდიო რანიერის ვალენსია იყო, ლუი ვან გაალის გუნდს შავი დღე რომ აყარა. ამ მატჩამდე ერთი წლით ადრე დიდი სირცხვილი აჭამეს ლა ლიგაში, ბარსას 3:0 მიჰყავდა ანგარიში, ვალენსიელებმა 4:3 მოიგეს, ბოლო ორი გოლი კლაუდიო ლოპესმა და არიელ ორტეგამ 87-ე და 88-ე წუთებზე შეაგდეს. ეს იყო ენფილდისა და რომის შოკამდე - „ღამურების გადაფრენა“ კამპ ნოუზე.

ვან გაალს შური ჰქონდა საძიებელი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. კოპას პირველი მატჩი კამპ ნოუზე შედგა და ვალენსიამ 3:2 მოიგო. ანგარიში პატრიკ კლუივერტმა გახსნა, ვალენსიამ კლაუდიო ლოპესის დუბლით დააქამბექა, მერე რივალდომ გაათანაბრა და ტაბლოზე 2:2 აინთო, ასე მოვიდა მე-80 წუთი და შედევრიც შეიქმნა. რუმინელმა ილიემ კუთხურის ნიშნულიდან ე.წ „პარაშუტი“ გამოუშვა, საჯარიმოს მისადგომებთან, ბევრს გაუკეთებია, ლამაზი კომბინაციაა, ძალიან იშვიათად მთავრდება გოლით, ერთი რაც მახსენდება ბექემის ჩაწოდება და პოლ სქოულზის გოლია, მაგრამ „ღამურებმა“ სულ სხვა დონეზე შეასრულეს ყველაფერი - ჩაწოდება კარგი იყო, გაისკა მენდიეტამ დაუშვებლად დასცხო ბურთს და ტყვიასავით გაუშვა პირდაპირ ცხრიანში! მეკარე არ განძრეულა, ძელთან მდგარ ფეხბურთელს კიდევ კარგი ასცდა თორემ თავსაც წააგლეჯდა.
ტაში გაისმა. კამპ ნოუ იშვიათად იმეტებს აპლოდისმენტებს მეტოქისთვის. ვან გაალიც გაოცებული ჩანდა სათადარიგოთა სკამზე. წლები გავა, ბარსა რამდენიმე მწვრთნელს შეიცვლის და ისევ ლუის დააბრუნებს, მისი ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა მენდიეტას ტრანსფერი იქნება. შეუსრულებენ, მაგრამ არაფერი კარგი ამას არ მოჰყვება, არც ვან გაალისთვის, არც მენდიეტასთვის.
სუპერ თასი ვალენსიას დარჩა, სახლში 1:0 მოიგეს, გასვლაზე 3:3 ითამაშეს. ბარსამ ორივე შეხვედრა ოქროს ბურთის მფლობელის, რივალდოს გარეშე ჩაატარა. მერე იყო ჩემპიონატის მატჩები, ვალენსიამ პირველ წრეში მესტალიაზე 3:1 მოიგო. მეორე წრის შეხვედრა კამპ ნოუზე 2 აპრილს გაიმართა, ბარსამ 3:0 დაამარცხა ვალენსია. ზუსტად ერთ თვეში, ყველასთვის მოულოდნელად კუპერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავა და წილისყრა ბარსას შეახვედრებს.

ფავორიტი ბარსა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვალენსია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ჩემპიონთა ლიგისთვის მაინც გამოუცდელ გუნდად თვლიდნენ. ესპანელების დომინაციის ხანა გამოდგა, ნახევარფინალში სამი ესპანური გუნდი გავიდა - ბარსა, ვალენსია და რა თქმა უნდა, მადრიდის რეალი, რომელსაც ბაიერნი შეხვდა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ფინალური ელ კლასიკოს შანსი გაჩნდა. მომავალში კიდევ რამდენჯერმე ვნახავთ მსგავს სურათს და ყოველ ჯერზე ავცდებით კლასიკოს, მაგრამ ის მაინც პირველი იყო. ბარსას უფრო ელოდნენ ფინალში, ვიდრე რეალს, რადგან ამავე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, ბაიერნმა გვარიანად დაჩაგრა რეალი. თან, გერმანელებმა ისე წააგეს '99 წლის ფინალი, რომ მთელი ეგ სიმწარე ამ სეზონში უნდა ამოეღოთ, მაგრამ... ეს რეალის ტურნირია. ნიკოლა ანელკაც კი, რომელსაც მთელი სეზონი არაფერი უკეთებია, მაინცდამაინც ბაიერნთან იყო საუკეთესო.
ბარსა კიდევ ჩავიდა მესტალიაზე და 1:4 წააგო. ლუიშ ფიგუს არყოფნას დააბრალეს. რივალდო წინა წლის საუკეთესო იყო, მიმდინარეში კი ფიგუ უფრო ბრწყინავდა. დაიმსახურებს კიდეც ოქროს ბურთს, ოღონდ, როცა გადასცემენ უკვე რეალის ფორმაში იქნება გამოწყობილი.
რივალდოს შურისძიება
რივალდო ერთპიროვნული ლიდერი იყო, მთელ გუნდს მხრებით მიათრევდა, სან სიროზე ჰეთ-თრიქი შეასრულა, ლიდსთან მატჩი მან გადაარჩინა ბოლო წუთებზე, მაგრამ ბარსა მაინც ჩარჩა ლიგის ჯგუფში და უეფას თასზე გადაინაცვლა, იქაც 1/2 ფინალამდე იარეს და ლივერპულთან დამარცხდნენ. რეალთან ბერნაბეუზე ასევე ჰეთ-თრიქი შეასრულა, მარტო იგებდა თამაშს, მაგრამ მსაჯმა მესამე არ ჩაუთვალა და ატყდა ერთი ამბავი, გუარდიოლამ არბიტრს კაბინამდე სდია, მაგრამ არაფერი შეცვლილა. რივალდო სიმწრით იცინოდა, ბერნაბეუს ტრიბუნებიდან კი სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. დიდებული სეზონი ჰქონდა ბრაზილიელს, შესაძლოა, იმაზე უკეთესი, ვიდრე 1998/99 წლების სეზონი, როცა ოქროს ბურთი არგუნეს.

მოვიდა ეს უკანასკნელი მატჩი და რივალდო ბარსას მთავარი იმედია. თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ისტორიაში საუკეთესო ჰეთ-თრიქს შეასრულებდა, რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით: სამივე გოლი ულამაზესია, ამავე დროს იერარქიაა დაცული - მეორე პირველს სჯობია, მესამე მეორეს.
მატჩის დრამატურგია - ვალენსიამ ორჯერ გაათანაბრა, რივალდომ გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე შეაგდო. მატჩის მნიშვნელობა - ამ გოლით ბარსა ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ბოლო გოლი - რთულია სიტყვებით აღწერა. ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გოლი მგონია. არასდროს მინახავს ასეთი კამპ ნოუ, ხალხი მოედანზე გადმოცვივდა, წამებში გაივსო, თითქოს ჩემპიონები გამხდარიყვნენ, ყველას უნდოდა რივალდოს შეხებოდა როგორც ანტიკური მითოლოგიის ღმერთს, თითქოს მათზეც გადავიდოდა ბრაზილიელის მაგია. მომდევნო დღეებში რივალდოს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. რომის ლაციო კი მზად იყო კრედიტი აეღო და მასში 100 მილიონი ევრო გადაეხადა, რაც მაშინ ისეთივე გაუგონარი თანხა იყო, როგორც ნეიმარში გადახდილი 222 მილიონი. ამ მარცხის მერე ვალენსია სან სიროზე კიდევ ერთი ფინალის სათამაშოთ წავიდა და კიდევ დამარცხდა, ამჯერად პენალტებში. არ ყოფილა ჩემპიონთა ლიგა მათი ტურნირი.















