საქართველო FIFAe-ის eFootball Mobile-ის მსოფლიო რეიტინგის ლიდერია! FIFAe-მ განახლებული რეიტინგი სულ ახლახანს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრები 1357 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე პოზიციას ბრაზილია იკავებს (1312 ქულა), ხოლო მესამე ადგილზე თურქეთია, რომელსაც ასევე 1312 ქულა აქვს.
FIFAe-მ სოციალურ ქსელში პოსტი წარწერით "Georgia on top of the world!“ გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი გიორგი გაბუნიაც არის გამოსახული. აღსანიშნავია, რომ საქართველო eFootball Mobile-ის მსოფლიო რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ითვლება.
შეგახსენებთ, საქართველოს კიბერ გუნდი Fifae სერიების eFootball mobile-ს ერთა ლიგის ჩემპიონი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა. საქართველოს კიბერ ნაკრებს მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამასთანავე, 81 გატანილი გოლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, როგორც ყველაზე შედეგიანი ნაკრები.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ფინალში თურქეთი დაამარცხა და ერთა ლიგის ჩემპიონი გახდა. eFootball mobile-ის თამაშში, ჩვენი ნაკრების სახელით საბა პეტრიაშვილი და გიორგი გაბუნია ასპარეზობენ.
ჩვენი ნაკრების შემდეგი გაჩერება პორტუგალია იქნება, სადაც საკონტინენტთაშორისო ჩემპიონატის მატჩები გაიმართება. სექტემბერში გაირკვევა, რომელი ორი ნაკრები მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გუნდი საკმაოდ ძლიერია და FIFAe-ის მსოფლიო რეიტინგსაც ლიდერობს, წარმატების მიღწევის საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს.
















