ბარსელონას ფინანსურ პრობლემებს ბოლო არ უჩანს. კატალონიური კლუბი უკვე რამდენიმე წელია რაც სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე რჩება პრობლემური საკითხები, რის გამოც გუნდი ზარალდება. მაგალითისთვის, ბარსა დადგა იმავე პრობლემის წინაშე, რაც ზაფხულში ჰქონდა — დანი ოლმო 2025 წლიდან 1 იანვარს შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს. კატალონიური კლუბი ესპანელი ფეხბურთელის ხელახლა დარეგისტრირებაზე მუშაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში 26 წლის ნახევარმცველი შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს.
პრობლემებია სახელფასო ჭერთან დაკავშირებითაც. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადა, Fair Play-ისთან დაკავშირებული პრობლემები მაინც გრძელდება.
გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას შეეცდება, თუმცა სწორება მაინც ზაფხულისკენ იქნება. კატალონიური კლუბი სეზონის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, რაც წესით და რიგით ფინანსურ სიტუაციას გარკვეულწილად დაასტაბილურებს.
ანდრეას კრისტენსენი, ერიკ გარსია, ფრენკი დე იონგი, ფერან ტორესი, ანსუ ფატი, ინიგო მარტინესი — ბარსელონა ყველა ამ ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს. ზოგი მათგანი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ზოგის სანაცვლოდ კი გუნდი საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს.
ამ სიაში არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა იჯარის წესით სხვა გუნდებში თამაშობენ, თუმცა ზაფხულში ბარსელონაში დაბრუნდებიან. კლემან ლანგლე, ორიოლ რომეუ და ვიტორ როკე, ეს ფეხბურთელები გუნდის გეგმებში არ შედიან, შესაბამისად, ზაფხულში სამივე მათგანი გაიყიდება.
თუ ამ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა ბარსელონა უახლოეს თვეებში დატოვეს, დიდი შანსია კლუბის ფინანსური სიტუაცია გამოსწორდეს.