ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონია ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იანე სანდანსკის სახელობის სპორტული ცენტრის მთავარ დარბაზში შედგა.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე და ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი.
დამსწრე საზოგადოებას სიტვით მიმართეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა და ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტმა გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი და საქართველოს დელეგაციის წევრები.
21-დან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 15 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.
დღეს ასპარეზობაში 7 ქართველი ჩაერთვება. დანიელ ვაგარშაკიანი, (ბადმინტონი, ერთეულები),ქეთევან წამალაიძე (ბადმინტონი, ერთეულები), ანასტასია მიქელაშვილი (ცურვა - 100 მ თავისუფალი სტილ), სალი შჩერბაევა, (ცურვა - 100 მ თავისუფალი სტილი), ლიზი მუღალაშვილი (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა), სანდრო ხოსიტაშვილი (ტყვიის სროლა) და ლიზი აღნიაშვილი (ტყვიის სროლა).
შეჯიბრებების ძირითადი ნაწილი სკოპიეში გაიმართება, რამდენიმე სპორტის სახეობაში კი ქალაქ კუმანოვოში (კალათბურთი, საგზატკეცილო და სამთო ველოსპორტი), მხატვრულად ტანმოვარჯიშეები კი ხორვატიის ქალაქ ოსიეკში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.








