დინამო თბილისი ზამთრის შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა. დედაქალაქური გუნდი პირინეის ნახევარკუნძულზე 13 თებერვლამდე დარჩება, სადაც ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ვლადიმერ კაკაშვილმა პორტუგალიაში 19 ფეხბურთელი წაიყვანა, სიაში კი გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კალანდაძე ვერ მოხვდა, რომლის თაობაზეც კლუბმა ასეთი განცხადება გაავრცელა:
"ფეხბურთელის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა."
როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, 23 წლის მცველის დამატებას უნგრული კლუბები განიხილავდნენ — საქმეში 2 გუნდი იყო, მტკ ბუდაპეშტი და ფეჰერვარი. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა კონკურენტს აჯობა და ტრანსფერიც დახურა. ალექსანდრე კალანდაძე კარიერას სწორედ ფეჰერვარში გააგრძელებს.
ახალგაზრდა მცველისთვის უნგრეთის ჩემპიონატი უცხო არაა. ფეხბურთელი 2020/21 სეზონში დიოსგიორის ღირსებას იცავდა.