

სათქმელია, რომ დიეგო ფორლანის საფეხბურთო დებიუტი არა საკუთარ, არამედ დიეგო მარადონას სამშობლოში შედგა - ინდეპენდიენტეს რიგებში. 19 წლის ფორვარდისა და ლეგენდარული არგენტინელი 10-იანის კიდევ ერთი გადაკვეთა იმაში გამოიხატა, რომ სადებიუტო შეხვედრაში ფორლანის გუნდი სწორედ მარადონას აღმზრდელ კლუბს, არგენტინოს ხუნიორსს, უპირისპირდებოდა. არგენტინულ კლუბში ურუგვაელმა ჯამში 80 შეხვედრა ჩაატარა და თავი 37 გოლსაც მოუყარა, რამაც მას გზა ინგლისამდეც გაუხსნა. ფორლანის ინგლისში გადაბარგებას წინ ძალიან საინტერესო პერიპეტიები უძღოდა. არგენტინულმა კლუბმა ტრანსფერი მიდლსბროსთან შეათანხმა და მოთამაშეც ინგლისში ჩაფრინდა, რათა ახალ კლუბთან კონტრაქტი გაეფორმებინა. არსაიდან კი საქმეში მანჩესტერ იუნაიტედი ჩაერთო, ბოროს აჯობა და დიეგოც მანჩესტერულ გუნდში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სერ ალექსს ფორლანის ტრანსფერი მისმა ძმამ, რობერტ ფერგიუსონმა ურჩია, რომელიც იმ დროისათვის კლუბის სასკაუტე სისტემაში მუშაობდა. ზოგადად, კარიერის ნებისმიერ ეტაპზე, დიეგო ფორლანი ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და პირდაპირი მოთამაშე გახლდათ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ იუნაიტედი და არა მიდლსბრო, ურუგვაელმა უბრალოდ უპასუხა, რომ მანჩესტერი უფრო დიდი კლუბია და მათი შემოთავაზება ფინანსურად ბევრად მსუყე გახლდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ფორლანმა „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს თავი თავდადებული თამაშითა და ბოლომდე ბრძოლით საკმაოდ შეაყვარა, მისი კარიერა ინგლისში მაინც ვერ აეწყო. 98 ჩატარებულ მატჩში ურუგვაელმა ფორვარდმა მხოლოდ 17 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. მის მანჩესტერულ კარიერაში კი გამორჩეული მატჩი მაინც 2002 წლის დეკემბერში, ენფილდზე ჰქონდა. 3-წუთიან მონაკვეთში ფორლანის მიერ გაფორმებულმა დუბლმა მანჩესტერელებს ისტორიული მეტოქის სტუმრად დამარცხება, ხოლო, თუ გარი ნევილს სიტყვაზე ვენდობით, დუბლის ავტორს ფანების მეხსიერებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში უკვდავება გაუნაღდა. მართლაც, მანჩესტერის ფანები ფორლანს ვალში არ დარჩნენ და ამ დიდებული მომენტის გასახსენებლად მას მცირე ტექსტიც კი მიუღძვნეს - Diego Forlan, he came from Uruguay, he made the Scousers cry.


კონფუცის უთქვამს - ჩვენი ყველაზე დიდებული მიღწევა ის კი არაა, რომ არასდროს წავქცეულვართ, არამედ ის, რომ ყველა წაქცევის შემდეგ ისევ ფეხზე დადგომა შევძელითო. სწორედ ეს სიტყვები აასრულა ფორლანმა ესპანეთში გადასვლის პირველივე სეზონში. სადებიუტო სეზონში 25 გატანილი გოლით, მან პიჩიჩის ჯილდო და ოქროს ბუცი დაისაკუთრა (ტიერი ანრისთან ერთად). ვილიარეალმა კი ლა ლიგაში საუკეთეს შედეგი აჩვენა და ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა. შედეგად გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა, სადაც დიეგო ფორლანისა და ტიერი ანრის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. საბოლოოდ ლონდონელებმა გაიმარჯვეს. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ისტორიული სვლა ფინალამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯით ადრე შეჩერდა.
ვილიარეალის შემდეგ იყო მადრიდული გაჩერება, კერძოდ კი ატლეტიკო, სადაც ურუგვაელმა თავდამსხმელმა 4 სრული სეზონი დაჰყო და კლუბს ორი ევროპული ტიტულის - UEFA ევროპა ლიგისა და UEFA სუპერ თასის მოგებაშიც დაეხმარა. თავად მან კი კიდევ ერთი, რიგით მეორე ოქროს ბუცი დაისაკუთრა, ამჯერად 2008/09 წლების სეზონში, სადაც „როხიბლანკოს“ მაისურით 32 გოლის გატანა მოახერხა. მოიგო პიჩიჩი და ოქროს ბუცი ორჯერ ორ ესპანურ გუნდში ისე, რომ მათგან არცერთი იყოს რეალი ან ბარსელონა, ეს აქამდე მხოლოდ დიეგო ფორლანმა შეძლო.

ასეთ სახასიათო მოთამაშეს კარგი სანაკრებო კარიერა, რომ არ ჰქონოდა, ძალზედ უცნაური იქნებოდა და დიეგომ არც აქ დაგვაღალატა. მისი გამორჩეული პერიოდი ურუგვაის რიგებში სწორედ ატლეტიკოში თამაშის პერიოდს დაემთხვა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურმა ბურთმა, ჯაბულანმა, რომ მოთამაშეებში დიდი რეზონანსი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია, ეგ ამბავი ბევრს გემახსოვრებათ. დიეგო ფორლანს კი ბევრი ამ საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე ატლეტიკოს ვარჯიშების შემდგომ ის მინდორზე რჩებოდა და ცდილობდა ბურთისთვის დამახასიათებელი ელემენტები კარგად შეეთვისებინა და სათავისოდ გამოეყენებინა, ამ ვარჯიშმა კი როგორი შედეგი გამოიღო, უმეტესობას ეგეც გემახსოვრებათ. ფორლანი აღნიშნულ ჩემპიონატზე უბრალოდ დაფრინავდა.

2011 წლის კოპა ამერიკის შემდგომ კი დიეგოს კარიერა რეგრესისკენ წავიდა, გამართლებული არ აღმოჩნდა მისი ინტერში ტრანსფერი, სადაც მან სამუელ ე’ტოოს ჩანაცვლება ვერ შეძლო. შემდეგ იყო უამრავი კლუბი თუ ქვეყანა - ბრაზილიური ინტერნასიონალი, იაპონური სერეზო ოსაკა, ურუგვაული პენიაროლი, ინდური მუმბაი სითი და ჰონგ კონგის კიტჩე, სადაც ერთ დროს ურუგვაის საუკეთესო ბომბარდირმა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ კარიერა დაასრულა კიდეც.

კარიერის დასრულების შემდეგ დიეგო ბავშვობის ოცნებას დაუბრუნდა და ხელში ჩოგანი აიღო. წლევანდელ წლამდე იგი მხოლოდ ვეტერანთა ტურნირებზე იღებდა მონაწილეობას, წელს კი ურუგვაიში 11-17 ნოემბერს მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზეც ითამაშა - აწ უკვე პროფესიონალურ დონეზე. ფაქტია, დიეგო ფორლანი ყოველმხრივ და ყველა სპორტში ნიჭიერი ადამიანია, ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ წარმატებები ვუსურვოთ მას და ამჯერად მისი თამაშით არა ფეხბურთის, არამედ ჩოგბურთის ბურთითა თუ ჩოგანის გამოყენებით დავტკბეთ.















